ავტორი ანა ფერაძე
„გამორიცხული არ არის, ქალბატონი თამარი საარჩევნო სიაში ვიხილოთ", - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე თამარ სანიკიძის განათლების მინისტრის პოსტიდან გადაყენებას. როგორც ნიშნიანიძემ „რეპორტიორთან" საუბარში განმარტა, „ამ დღეებში გაირკვევა ყველაფერი".
რაც შეეხება ახალ მინისტრს, ომარ ნიშნიანიძის თქმით, იგი მის აქტივობას აქ იცნობს.
„სამწუხაროდ, ახალ მინისტრს ნაკლებად ვიცნობ. მისი აქტივობის შესახებ ნაკლებ ინფორმაციას ვფლობ.
რაც შეეხება ქალბატონ თამარს, დადებითად ვუყურებდი, თუმცა ყველა მინისტრში მე ვხედავ როგორც პლუსს, ასევე მინუსს. დადებითი იყო ბევრი რამ. გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები, დაწყებული სასკოლო პროგრამებიდან, დასრულებული უმაღლესი განათლების კუთხით. მქონდა მოსაზრება, რომ უფრო რადიკალური რეფორმები გვჭირდებოდა. შესაძლოა, ამანაც გამოიწვია, რომ ახალი ხედვები გახდა საჭირო", - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.