logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მედიას დღესაც ევალება გადაამოწმოს, პარტიის მიერ მომზადებული კლიპი თავსებადია თუ არა კანონთან
- +

6 აგვისტო. 2019. 14:24

 

 

„მოქალაქეთა გაერთიანება რომ ავიღოთ, მიდის ტელევიზიაში და აქვს კლიპი, რომელიც შეიძლება იყოს მთლიანად პორნოგრაფია, დღესაც ევალება მედიასაშუალებას გადაამოწმოს არის თუ არა ეს თავსებადი კანონთან, ესეც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა, იქნებ უნდა იმ პარტიას პორნოგრაფიის გაშვება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო ცვლილებებში სიძულვილის ენის გამოყენების შესახებ საუბრისას განაცხადა.

 

როგორც კობახიძე განმარტავს, ახალი ცვლილებებით გამოხატვის თავისუფლებას არც მედიის და არც პოლიტიკური პარტიების ნაწილში საფრთხე არ ემუქრება.

 

„რამდენიმე ახალი რეგულაციაა შემოთავაზებული და ეფუძნება ოდირის რეკომენდაციებს. არანაირი საფუძველი იმ აჟიოტაჟს, რომელიც ხელოვნურად არის ჩამოყალიბებული, არ აქვს. იწერება კანონმდებლობაში, რომ თუ სააგიტაციო მასალა შეიცავს სიძულვილის ენას ან ქსენოფობიას, ის ვერ გავრცელდება. სიძულვილის ენას აქვს ვიწრო, კონვენციური განმარტება, რომლის მიხედვითაც, დისკრიმინაციულ ნიშნებს უნდა შეიცავდეს შესაბამისი გამონათქვამი. ვერანაირად ვერ შევზღუდავთ საარჩევნო პროცესებში თუნდაც ხისტ და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს“,- განაცხადა კობახიძემ.

 

რაც შეეხება მაუწყებლების მიმართ გარკვეულ შესაძლო შეზღუდვებს, კობახიძე აცხადებს, რომ სააგიტაციო მასალას ვიდრე ტელევიზია ეთერში გაუშვებს, უნდა იცოდეს მისი შინაარსი.

 

„ამ ეტაპზე მოვერიდეთ სანქციის დაწესებას. თუ იქნება გამოთქმული მოსაზრებები, ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ამ ეტაპზე გვაქვს ვალდებულება გაწერილი. დღესაც მოქალაქეთა გაერთიანება რომ ავიღოთ, მიდის ტელევიზიაში და აქვს კლიპი, რომელიც შეიძლება იყოს მთლიანად პორნოგრაფია, დღესაც ევალება მედიასაშუალებას გადაამოწმოს არის თუ არა ეს თავსებადი კანონთან და თუ გაუშვას. ესეც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა, იქნებ უნდა იმ პარტიას პორნოგრაფიის გაშვება. ამ შემთხვევაშიც იგივე ხდება. გამოხატვის თავისუფლება არის ისიც, რომ პორნოგრაფიას არ ვუშვებთ ეთერში. აქ გამოხატვის თავისუფლებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ „საარჩევნო კოდექსში“ ინიცირებული ცვლილებებით, „საარჩევნო პროგრამა, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი მოწოდება/განცხადება/ქმედება, არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, სიძულვილის ენასა და ქსენოფობიურ განცხადებებს“ და მედიასაშუალებებს ეკისრება ვალდებულება, შეამოწმონ, შეესაბამება თუ არა სარეკლამო რგოლი კანონმდებლობის მოთხოვნებს, ხომ არ არის სიძულვილის ენა გამოყენებული, დაცულია თუ არა პროპორციულობა ანტირეკლამისა რეკლამასთან და ა.შ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner