logo_geo
eng_logo
1899 წლის 6 აგვისტოს ლეგენდარული ქართველი მსახიობი აკაკი ვასაძე დაიბადა
- +

6 აგვისტო. 2019. 23:40

 

 

 

„მე რომ მესსია გზაში შემეყაროს და მითხრას სხვას ჯობიხარო, ასე მივუგებდი: შენ არ ყოფილხარ-მეთქი მესსია.“

 

1899 წლის 6 აგვისტოს ქუთაისში დაიბადა ქართული თეატრისა და კინოს ერთ-ერთ ლეგენდარული ქართველი მსახიობი, საქართველოს და სსრკ სახალხო არტისტი, მრავალი პრემიის ლაურეატი კაცი, რომელმაც ითამაშა ყველა „საჭირბოროტო“ და „დამაფიქრებელი“ როლი, რაც კი რამ ნებისმიერ დიდ მსახიობს შეეძლო ეთამაშა და შექმნა დაუვიწყარად დიდოსტატური სახეები, რომელთა შორისაა: ფარსმან სპარსი, შაჰ აბასი, ებრაელი მორდეხაი, პლატონ სამანიშვილი, ზაურბეკი, პეპია, დარისპანი, ყვარყვარე, იაგო, მეფე ლირი, რიჩარდ III, ნერონი, მამასახლისი, კლავდიუსი...

 

მგონია, საკმარისია ერთი მსახიობისთვის...

 

თუ ერთხელ მაინც გინახავს, ვერასოდეს დაივიწყებს აკაკი ვასაძის შექმნილ თუნდაც ეპიზოდურ როლებს, მაგალითად შედევრალურად ამეტყველებულ მორდეხაის „დათა თუთაშხიადან“ და დათას და ამ ებრაელი კაცის ბრძნულ დიალოგს: „მორდეხ-ბატონო, როგორ მოიქცეს კაცი, როცა აღარ იცის, რა ქნას და რა აკეთოს?“ „- მასეთი კაცებისთვის თქვენს სარწმუნოებას სხვაზე უკეთესი სამკურნალო აქვს - მონასტერი!“, რაზეც დათა პასუხობს, „ისე, კაი საქმის საკეთებლად ერისკაცობა სჯობს“-ო.... ან რა დაგავიწყებს აკაკი ვასაძის შექმნილ მეფის ხუროთმოძღვარს - ფარსმან სპარსად წოდებულს - ფილმიდან „დიდოსტატის მარჯვენა“, სამშობლოდან გაძევებულ და საცოდავად გაბოროტებულ ტრაგიკულ პიროვნებას, თავისი მუსლიმური სამოსით, რომელიც „ყველას სძაგს“, თავად „სპარსი“ კი არად დაგიდევს გარშემოთა სიძულვილს და მიუხედავად გენიალური ჭკუისა და ნიჭისა, ბოროტად ერჩის ჩვენს დიდ ხუროთმოძღვარს - კონსტანტინე არსაკიძეს, „...რატომ კარგი აგიგია“-ო.

 

რაც შეეხება აკაკი ვასაძის მართლაც გენიალურად შესრულებულ შაჰ-აბასს, ამასთან დაკავშირებით ბატონი აკაკის სტალინთან შეხვედრის ეპიზოდს გაგაცნობთ. სტალინს გაუხსენებია, თეირანში ყოფნის დროს „გიორგი სააკაძე“ პრეზიდენტ რუზველტს, ჩერჩილსა და საელჩოს თანამშრომლებს ვაჩვენე და შენი შაჰი განსაკუთრებით მოეწონათ ირანელებს, აი, შაჰიც ეგეთი უნდაო, მეუბნებოდნენო... მერე ბელადი აკაკი ვასაძისკენ შეტრიალებულა, რამე რომ იყოს, შაჰად არ წახვიდოდი ირანშიო, რაზეც ვასაძეს უპასუხნია, ირანში რა მინდა, როცა ჩემს საკუთარ სახლში შაჰიც მე ვარ და შაჰინშაჰიცო.... ბელადს, თურმე, აკაკი ვასაძისთვის თვალი ჩაუკრავს და ბევრიც უცინია... ისე, სტალინისგან თვალის ჩაკვრა მთლად კარგ „სიგნალად“ არ ითვლებოდა ხოლმე „იმ“ წლებში, მაგრამ რაკი მსახიობმა 1978 წლამდე იცოცხლა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბელადმა მართლაც გულიანად ჩაუკრა თვალი... თან, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ დედის მოსაგონარი სადღეგრძელოს წარმოთქმისას, ბატონი აკაკის წაკითხულმა ვეფხისა და მოყმის სიტყვებმა „...ერთი შვილ მაინც გაგზარდე, ვეფხვებთან მეომარია...“ ისე „აუჩუყა“ გული თავად მოპოეტო ბელადს, რომ სულ „მარგალიტი - მარგალიტიო" აძახებინა თავად ლექსზე და მსახიობზეც, მივხვდებით, რომ აკაკი ვასაძე სწორედ მორდეხაისებრმა სიბრძნემ იხსნა „იმ“ დღეს...

 

აკაკი ვასაძე გარდაიცვალა 1978 წელს, დაკრძალულია თბილისის დიდუბის პანთეონში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner