„რუსეთი არის ოკუპანტი, მაგრამ ამასთანავე, ჩვენს მოსახლეობას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ის ხელისუფლება არის მავნებლური ძალა, რომელმაც საქმე ომამდე მიიყვანა. თუ არ მიიყვანა, თავი ვერ აარიდა ომს...“ - განაცხადა „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა.
მისი თქმით, ეს ის ხელისუფლება და პოლიტიკური ძალაა, რომელმაც ჩვენი მოსახლეობა და ჯარი მიატოვა.
„ეს ის ხელისუფლება და პოლიტიკური ძალაა, რომელმაც ჩვენი მოსახლეობა მიატოვა, რომელმაც ჯარი მიატოვა, მერე ადგა, დაერია ამ ჯარს და ჯარისკაცები და ოფიცრები ვითომდა დეზერტირობისთვის დაიჭირა, იმისთვის, რომ საკუთარი უუნარობა გადაეფარა. კრიზისის მართვის არანაირი უნარი არ გააჩნდათ. აი, ეს არის დღეს სათქმელი, სათქმელია, იმიტომ რომ აი, ამ მავნებლურ პოლიტიკურ ძალას დღესაც ამბიცია აქვს, რომ პოლიტიკაში მოვიდეს და ძალაუფლება ხელში ჩაიგდოს. თორემ რუსეთი რომ ოკუპანტია, ეს ყველამ კარგად იცის. ყველა საერთაშორისო ლიდერი აფრთხილებდა, რომ არ ქნათ ისეთი რამ, რაც ომამდე მიგიყვანთ, თორემ მერე ვერავინ გიშველით. აი, ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ. ამ მავნებლური ძალისთვის 135 სოფლის დაკარგვა, იქ კოდორის ჩაბარება სამხედრო ტექნიკითა და ყველაფრით... ეს მავნებლური ძალა იყო საშიში, ამ თავისი მავნებლობით ქვეყანა დაღუპა და დღესაც სურვილი აქვთ, რომ მოვიდნენ ხელისულებაში. აი, ეს არის მთელი უბედურება და ეს საზოგადოებას სწორად უნდა ავუხსნათ“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
შეკითხვაზე: იყო თუ არა ცხინვალის დაბომბვა, იქ მაცხოვრებელი ჩვენივე მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედება, სესიაშვილი პასუხობს:
„ვერ გეტყვით, რა როგორ იყო უშუალოდ სამხედრო ოპერატიულ ტაქტიკურ დონეზე, ამაზე სხვადასხვა კომისიამ სხვადასხვა დასკვნები დადო. მე ერთი ვიცი, რომ რუსეთი ოკუპანტია და მას საერთაშორისო სამართლის უხეში ნორმების დარღვევით აქვს ოკუპირებული ჩვენი ქვეყნის ძირძველი და ისტორიული მიწები. რაც შეეხება შემდგომ საერთაშორისო შეფასებებს, ძალიან ვწუხვარ, რომ ცხინვალის დაბომბვის საკითხი ევროსაბჭოში რეზოლუციაში აისახა და ამას მხარი დაუჭირა ბაქრაძემ, დარჩიაშვილმა და ასე შემდეგ. ეს მართლა უსირცხვილო პოლიტიკური ძალა თითს ჩვენკენ იშვერს, მაშინ როცა თვითონ მხარი დაუჭირეს ასეთ რეზოლუციას. ჩემმა ქვეყანამ იცის, საერთაშორისო საზოგადოებამ იცის, რომ ჩემი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთმა მოახდინა და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, შევქმნათ ისეთი ვითარება ჩვენს ქვეყანაში, რომ იმ დროს, როცა გამოსაყენებელი იქნება, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დეოკუპაცია მოვახდინოთ მშვიდობიანად“, - ამბობს სესიაშვილი.
რაც შეეხება იმას, ვინ და რა ფორმით უნდა აგოს ამ ყველაფერზე პასუხი, ირაკლი სესიაშვილის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე, მთელ ამ არაჰუმანურ პოლიტიკაზე, პასუხისმგებლობა ეკისრება კრემლს, დანარჩენ მძიმე შედეგებზე - „ნაციონალურ მოძრაობას“.
„ოკუპაციასთან მიმართებაში მთლიანი პასუხისმგებლობა დღეს არსებულ ვითარებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე, მთელ ამ არაჰუმანურ პოლიტიკაზე, პასუხისმგებლობა ეკისრება კრემლს, დანარჩენი ის მძიმე შედეგები, რაც დადგა, 135 სოფლის დანგრევა, ევაკუაციის დროული არგანხორციელება და მთელი ეს საშინელება, რაც მოხდა, ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა, მთლიანად ეკისრება „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამის რამდენიმე ნაწილად დაყოფილ პოლიტიკურ ელემენტებს. ეს ყველაფერი საზოგადოებამ უნდა გაიაზროს სწორად. ეს მავნებლური პოლიტიკური ძალა, როგორც შავი ჭირი, უნდა მოვიცილოთ. არა როგორც ჩვენი ოპონენტი, არამედ როგორც მავნებლური პოლიტიკური ძალა, რომელმაც ქვეყანა აი, ასეთ მძიმე ვითარებაში ჩააგდო. ეს ხალხი დღეს კიდევ მავნებლობს და ცდილობს, ქვეყანას შეუქმნას ეკონომიკური პრობლემები. ეს არის რეალობა და ამ რეალობას საზოგადოებამ თვალი უნდა გაუსწოროს“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.