უმრავლესობის ლიდერის გია ჟორჟოლიანის განცხადებით ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარი თავდასხმა არის დანაშაული, რომელსაც გამართლება არ აქვს. ჟორჟოლიანის თქმით, ახლა ჯერი საგამოძიებო სტრუქტურებზეა და იმედია, დამნაშავეები საკუთარ წილ სასჯელს მალე მიიღებენ.
„ალექსანდრე პეტრიაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება.
ეს არის დანაშაული, რომელსაც გამართლება არ აქვს.
ეს არის კრიმინალი და ცხადია, რომ საგამოძიებო ორგანოები სრულად გამოიძიებენ ამ დანაშაულს და ყველა დამნაშავეს სათანადო მიეზღვება.
დანაშაულის მოტივებზე ვერ ვიმსჯელებ, იმედია გამოძიება დაადგენს ჭეშმარიტებას."- განაცხადა ჟორჟოლიანმა გადაცემაში „პრიორიტეტი".
დღეს თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.
გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის - ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.
მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112"-ში ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოქალაქისგან შევიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შემთხვევა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა.
შსს მიმართავს ფაქტის თვითმხილველ პირებს, დანაშაულის დროულად გამოძიების მიზნით, ითანამშრომლონ სამართალდამცავ ორგანოებთან.
ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.