„შინდისის ქენჯნა“
თუ მკერდში გულის მაგივრად სიპის ქვის ნატეხი არ გიგდია, შეუძლებელია, უცრემლოდ უყურო ედმონდ მინაშვილისა და დავით ხუბუას დოკუმენტურ ფილმს 2008 წლის 11 აგვიტოს გორის რაიონის სოფელ შინდისში, რუსი ოკუპანტების ჩასაფრებაში მოყოლილი და უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაღუპული 17 ქართველი ჯარისკაცის შესახებ.
შინდისის ბრძოლა აგვისტოს ომის ერთ-ერთ ყველაზე გმირული ფრაგმენტია, ქართული მხედრული სულისა და სიმამაცის ამოფოიერვერკება, უკვალოდ არჩავლილი განწირული სულისკვეთების მერნისებური თქარა-თქური.
დიდება გმირებს და დიდება საქართველოს, რომელმაც შვა და საკუთარ წიაღში აღზარდა ბევრი გმირი, მათ შორის, 17 „შინდისელი“, ხოლო სააკაშვილის ლაჩრული და რენეგატული ხელისუფლება, რომელმაც შვა აგვისტოს ტრაგედია, საუკუნო შეჩვენებას იმსახურებს.
როცა 2008 წლის 11 აგვისტოს 17 ქართველი გმირი მტერთან ბრძოლაში დაეცა, სააკაშვილის ხელისუფლებას იმაზეც კი არ უზრუნია, მათი ცხედრები კონფლიქტის ზონიდან გამოეყვანა და მიწისათვის ღირსეულად მიებარებინა. სად ეცალა ამისათვის „ნაციონალურ მოძრაობას“? მეორე დღეს, 12 აგვისტოს, რუსთაველის გამზირზე კონცერტის ჩასატარებლად ემზადებოდა, რომ ომში გამარჯვება ეზეიმა და რუსეთის დამარცხება ეხარებინა მთელი მსოფლიოსათვის.
კი, ასე იყო: 11 აგვისტოს ვერაგულად ჩასაფრებული რუსი ოკუპანტების ტყვიით განგმირული ილია გაბუნიას, ნიკა ფორჩხიძის, თემურ ბერიძის, ფელიქს კაკაურიძის, მარლენ ბარამიას ალექსანდრე ონიანის, ირაკლი ჯანელიძის, ემზარ წილოსანის, ილია შეყლაშვილის, ზვიად კაცაძის, ვეფხია ჯიშკარიანის, შმაგი კუპატაძის, მიხეილ დვალიშვილის, ლევან მელქაძის, კახა კოშაძის, რომან ზოიძისა და რუსლან წულაძის ცხედრები შინდისში აგვისტოს თაკარა მზის ქვეშ რომ იყო მიმოფანტული, „ნაციონალური მოძრაობა“ მაგ დროს პარლამენტის შენობის წინ გასამართი კონცერტის ორგანიზებით იყო დაკავებული - სცენისა და გასახმოვანებელი აპარატურის მონტაჟი, მომღერლებთან და მსახიობებთან დარეკვა, რომ ხვალ ომში გამარჯვების აღსანიშნავ კონცერტზე უეჭველი უნდა იმღერონ, კოორდინატორებისა და პარტაქტივის გაფრთხილება, რომ კონცერტზე დასასწრებად გამოცხადნენ, ფაცი და ფუცი, რომ კონცერტმა კარგად ჩაიაროს, ზეიმი სრულყოფილად შედგეს, საქართველოს მოსახლეობამ არ იეჭვოს, რომ ჩავისვარეთ და ომი წავაგეთო...
და ამ დროს შინდისის მიწაზე აგვისტოს მზე გახრწნას უქადის უპატრონოდ მიტოვებულ გმირების ცხედრებს.
„ნაცმოძრაობა“ ცეკვავს და მღერის რუსთაველზე, სამშობლოსათვის სულდალეული ბიჭები კი, ზოგი პირქვე და ზოგი გულაღმა, შინდისის მიწაზე მიმობნეულან.
სააკაშვილის ხელისუფლებას კი ამის გამო არ აწუხებს არ შინდისის და არც სინდისის ქენჯნა.
ის ზეიმობს გამარჯვებას და რუსი ოკუპანტებისათვის კუდის ამოძუებას, რუსული ტანკების ერთმანეთზე დადუღებას და საცაა, მოსკოვის აღებას.
შინდისის გმირების ცხედრები, ისევე, როგორც ბევრი სხვა გმირის, პატრიარქმა და სამღვდელოებამ გამოიყვანეს. ეკლესიის წყალობით შეძლეს ოჯახებმა მათი მიწისათვის მიბარება.
იმის შემდეგ 11 წელია გასულია და „შინდისის ქენჯნა“ სანაცეთს არც დღეს ეტყობა.
სამშობლოსათვის დაღუპული გმირების ხსოვნასავით მარადიულია „ნაცების“ უსინდისობა და ნაძირლობა, ხოლო რუსული ოკუპაცია არის დროებითი. საქართველო მალე მოესწრება უკანასკნელი რუსი სალდაფონის ფეხის ამოკვეთას ქართული მიწიდან, ხოლო ცოტა გვიან რუსეთის დამპალი იმპერიის აღსასრულსაც.