logo_geo
eng_logo
საკრებულოში დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებასთან დაკავშირებით 6 თვის სამუშაოების ანგარიში მოისმინეს
- +

3 ივნისი. 2016. 19:42


თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებასთან დაკავშირებით 6 თვის სამუშაოების ანგარიში მოისმინეს.


პრეზენტაციის დაწყებამდე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ გენერალური გეგმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა , რომ 6 თვის განმავლობაში ყველა იმ ძირითადი საკითხის დეტალურად შესწავლა მოხდა, რაც შემდგომში სხვადასხვა მიმართულებების კონკრეტული რეგულაციების მომზადებას შეუწყობს ხელს.


ანგარიში დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფის „სითი ინსტიტუტი საქართველო" წევრებმა წარმოადგინეს. მათი განცხადებით, წინასაპროექტო კვლევის შედეგად, ქალაქის მიმდინარე საჭიროებები გამოიკვეთა და გეგმარებითი დავალების პროექტისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციის დაზუსტების პროცესი დასრულდა.


შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რის შემდეგაც წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებმა აღნიშნული პრეზენტაცია დადებითად შეაფასეს და ქალაქის განვითარების მიმართულებით მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებასთან დაკავშირებული სამუშაოს დასრულების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.


როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, საკრებულოში წარმოდგენილი შუალედური ანგარიში ქალაქში არსებულ მდგომარეობას , როგორც ეკოლოგიური კუთხით, ასევე ტრანსპორტისა და ფუნქციური ზონების მიმართულებებით ზუსტად ასახავს.


საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს მიერ მიღებული დროებითი რეგულაციების შესახებ ისაუბრა , რომელიც თბილისის ცენტრალურ უბნებში საცხოვრებელ სახლებზე კ2 კოეფიციენტის გადამეტებაზე შეზღუდვას გულისხმობს და აღნიშნა, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შემდეგ, უბნების მიხედვით განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტები განისაზღვრება, რაც კონკრეტულ გაანგარიშებებზე იქნება დაფუძნებული.

დედაქალაქის მერთან დავით ნარმანიასთან და საკრებულოს წევრებთან ერთად შეხვედრას მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილი, თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი დიმიტრი მოსულიშვილი, არქიტექტორები, ურბანისტები და დეველოპერები ესწრებოდნენ.


თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კონსორციუმი „მომავლის ქალაქი" მუშაობს.


საკონკურსო პირობების მიხედვით, განახლებული დოკუმენტის წარმოდგენის საბოლოო ვადა 2017 წლის 17 აპრილია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner