logo_geo
eng_logo
ქეთევან ციხელაშვილი: ძალიან გამაღიზიანებელია, როდესაც საყვედურები იმ პოლიტიკური ძალისგან ისმის, ვისაც 2008 წელს ჰქონდა საჭე
- +

8 აგვისტო. 2019. 11:57

 

„ძალიან გამაღიზიანებელია, როდესაც საყვედურები იმ პოლიტიკური ძალისგან ისმის, ვისაც 2008 წელს ჰქონდა საჭე, პოლიტიკის წარმატება საბოლოო ჯამში შედეგით იზომება, შედეგი სავალალოა“, - ამის შესახებ მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი „რეზონანსთან“ საუბრობს.

 

მისი თქმით 2004 წლამდე, კონფლიქტი თითქმის აღმოფხვრილი იყო.

 

„ერგნეთის ბაზრობის ძალისმიერ დახურვას თუ გავიხსენებთ, ჩემი აზრით, ეს იყო წინა ხელისუფლების უდიდესი შეცდომა და ამან ძალიან დაამძიმა ვითარება. აქედან სხვა გამოსავლების მოძიება შეიძლებოდა და არა მისი დახურვა. დღეს თვისობრივად შეცვლილია ვითარება. რეგიონში დარჩენილია თავდაპირველი მოსახლეობის მხოლოდ 20%. ფაქტობრივად, ცხინვალი იქცა გაფართოებულ სამხედრო ბაზად“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

 

„ძალიან ბევრი რამ დავკარგეთ. დავკარგეთ ადამიანები, ადამიანებმა დაკარგეს საცხოვრებელი, დავკარგეთ კონტროლი დამატებით ტერიტორიებზე. როგორც სახელმწიფომ, დავკარგეთ უფრო სწრაფი პროგრესის შანსი;

 

ჩვენ გავამყარეთ რუსეთის საუკუნეობრივი ინტერესები, რომელიც საქართველოში აქვს; დავკარგეთ ის, რომ საერთაშორისო წვდომაც ამ რეგიონებში, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, აღარ არის - მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა მოაწერა ხელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში ამ პუნქტს, არ ასრულებს და ევროკავშირის მისია იქ ვერ შედის. საბოლოო ჯამში ჩვენ ყველა დავზარალდით, ადგილზე მცხოვრები საზოგადოებები", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომს, მის შედეგებს და მის შემდეგ სიტუაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

 

- როგორი იყო კონფლიქტამდე ცხინვალის რეგიონში ვითარება?

 

- რა თქმა უნდა, 2008 წლის მოვლენებმა და შემდგომმა ოკუპაციამ ძალიან შეცვალა და მეტად დაამძიმა ვითარება. თუმცა, ჩვენი კონფლიქტის ათვლის წერტილი 2008 წელი არ არის, საუბედუროდ ეს 90-იანი წლებიდან და ცოტა უფრო ადრეც ხდებოდა.

 

2008 წელი იყო უმძიმესი. ჩვენ ფაქტობრივად აღმოვჩნდით უდიდეს პროვოკაციაში, რომელიც თვალსაჩინოდ გვიახლოვდებოდა. რუსეთმა ფაქტობრივად განახორციელა ის გეგმა, რომელიც ალბათ მას ჰქონდა - რომ სრული კონტროლი ჰქონოდა ორივე რეგიონზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე.

 

დღეს, მანამდე არსებულ სიტუაციასთან შედარებით, კიდევ უფრო დამძიმდა ის, რომ მოსახლეობისგან დაიცალა რეგიონი და დევნილების ახალი ტალღა გაჩნდა, ძირითადად ქართველების, რომლებსაც დღემდე არ ეძლევათ დაბრუნების შესაძლებლობა. დაიკარგა კონტროლი დამატებით 100ზე მეტ სოფელსა და დასახლებაზე.

 

ყოფით დონეზე, განსაკუთრებით 2004 წლამდე, კონფლიქტი თითქმის აღმოფხვრილი იყო. ერგნეთის ბაზრობის ძალისმიერ დახურვას თუ გავიხსენებთ, ჩემი აზრით, ეს იყო წინა ხელისუფლების უდიდესი შეცდომა და ამან ძალიან დაამძიმა ვითარება. აქედან სხვა გამოსავლების მოძიება შეიძლებოდა და არა მისი დახურვა.

 

დღეს თვისობრივად შეცვლილია ვითარება. რეგიონში დარჩენილია თავდაპირველი მოსახლეობის მხოლოდ 20%. ფაქტობრივად, ცხინვალი იქცა გაფართოებულ სამხედრო ბაზად.

 

- თქვენი აზრით, რამდენად შეეძლო საქართველოს ამ ყველაფრის თავიდან აცილება?

 

- აქ ალბათ უფრო სწორი იქნებოდა კითხვა დაგვესვა, ჩვენ გავაკეთეთ თუ არა ყველაფერი იმისთვის, რომ გვეცადა, თავიდან აგვეცილებინა ის დიდი უბედურება, რასაც რუსეთის ინტერვენცია, ომი და რეგიონების ღია ოკუპაცია ჰქვია და აშკარად მომდინარე ამ დიდ საფრთხეს რამდენად გონივრულად შევხვდით - აშკარაა, რომ ვერ.

 

ამასთან, მიმაჩნია, რომ ჩვენს საზოგადოებაში ისეთი კითხვების დასმა, თუ ვინ დაიწყო ომი, ვინ არის ოკუპანტი, უბრალოდ მიუღებელია, არასწორია, იმიტომ, რომ ეს აშკარაზე აშკარაა - ეს რუსეთია.

 

რა თქმა უნდა, ძალიან პრინციპულები ვართ, როდესაც საქმე ეხება ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და არავინ აპირებს ოკუპაციასთან შეგუებას. ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ეს ხელოვნური ბარიკადები დაიმსხვრეს. ჩვენი ქვეყნისთვის მშვიდობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანა.

 

დღემდე ამ პროვოკაციების ფონზე ვახერხებთ, რომ ძალიან რთულ გარემოში და პროვოკაციების ფონზე, მშვიდობა შევინარჩუნოთ, თუნდაც პირობითი ამ ვითარებაში, და ამასთან გვაქვს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეურყეველი კურსი. ეს ჰაერიდან არ მოდის, ეს შრომისა და გათვლილი, ძალიან თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია.

 

- საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად რა მიიღო ან რა დაკარგა?

 

- ძალიან ბევრი რამ დავკარგეთ, დავკარგეთ ადამიანები, ადამიანებმა დაკარგეს საცხოვრებელი, დავკარგეთ კონტროლი დამატებით ტერიტორიებზე. და როგორც სახელმწიფომ, დავკარგეთ უფრო სწრაფი პროგრესის შანსი; ჩვენ გავამყარეთ რუსეთის საუკუნეობრივი ინტერესები, რომელიც საქართველოში აქვს; დავკარგეთ ის, რომ საერთაშორისო წვდომაც კი ამ რეგიონებში, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, აღარ არის; მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა თავად მოაწერა ხელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში ამ პუნქტს, არ ასრულებს - ევროკავშირის მისია იქ ვერ შედის და რუსეთს, შესაბამისად, სრული კონტროლი აქვს. საბოლოო ჯამში ჩვენ ყველა დავზარალდით, ადგილზე მცხოვრები საზოგადოებები, ქართველები, ოსები, აფხაზები.

 

ერთადერთი „მოსახლეობა“ ამ რეგიონში, რომელიც იზრდება, არიან რუსი ჯარისკაცები. ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა აღარ არის, ეს ევროპის უსაფრთხოების გამოწვევაა.

 

ჩვენ არავის წინააღმდეგ არ ვართ, ბუნებრივია, არც რუსეთის. ჩვენ ერთადერთი ამოცანა გვაქვს, რომ გვქონდეს ჩვენი სუვერენული თავისუფალი სივრცე, განვვითარდეთ, გვქონდეს კეთილდღეობის შესაძლებლობა, გვქონდეს დემოკრატია და განვახორციელოთ ჩვენი ისტორიული მისწრაფება ევროპისკენ. ეს გვინდა ჩვენ.

 

ოკუპაციასთან დაპირისპირება არის შრომა, ქვეყნის განვითარება, ჩვენი კურსის ურყევობა, რეფორმების გაძლიერება, მეტის შეთავაზება იმ მოსახლეობისთვის, რომლებიც დღეს მავთულხლართების მიღმა არიან მოქცეული.

 

ყველაზე დიდ ბრძოლას ოკუპაციასთან გადიან ისინი, ვინც სოფლებში ცხოვრობენ მავთულხლართების პირისპირ, რომლებიც ამ რთულ პირობებს არ ეპუებიან. ასევე ის ადამიანები, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებში ცხოვრობენ, მძიმე პირობების მიუხედავად, მომავალზე ფიქრობენ, მათი შვილები უმაღლეს სასწავლებელში წარმატებით აგრძელებენ განათლებას.

 

- წინა მთავრობის რა შეცდომებს ხედავთ 2008 წლის ომში?

 

- როდესაც ხედავ, რომ შენს გემს დიდი აისბერგი ეჯახება, რაღაც მანევრი უნდა ჩაატარო, რომ აცდე ამ აისბერგს და არა სრული სისწრაფით დაეჯახო მას. დაახლოებით ასეთი რამ დაგვემართა მაშინ ჩვენ. ამ ყველაფერს ბევრი ანალიზი და დაფიქრება სჭირდება. ძალიან გამაღიზიანებელია, როდესაც საყვედურები ისმის სწორედ იმ პოლიტიკური ძალისგან, ვისაც მაშინ ჰქონდა საჭე.

 

პოლიტიკის წარმატება საბოლოო ჯამში შედეგით იზომება. და შედეგებს თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, არის ძალიან სავალალო. ამ შედეგებთან დღემდე გვიწევს გამკლავება, ვიბრძვით მათ დასაძლევად. თითების გამოშვერისა და გადაბრალების ნაცვლად, ცოტა მეტი პასუხისმგებლობა და ყველაფრის გააზრება უფრო რაციონალური იქნებოდა.

 

ჩვენ იმის უფლება არ გვაქვს, რომ ემოციებით მივიღოთ გადაწყვეტილება და ასე ვმართოთ ქვეყანა, იმიტომ, რომ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში და ფეთქებადსაშიშ გარემოში. ეს არ ნიშნავს, რომ ემოციები არ გვაქვს და ვინმეზე ნაკლებად, თუ მეტად არა გვტკივა ის გასაჭირი და მთავარი გამოწვევა რაც ჩვენს ქვეყანას აქვს მიმდინარე ოკუპაციის და მისი მძიმე ჰუმანიტარული შედეგების სახით, მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ განვახორციელოთ ჩვენი ამოცანები, მშვიდად, თანმიმდევრულად, სიფრთხილით და გონიერებით. სხვა გზა ვერ იქნება წარმატებული.

 

- თქვენი აზრით, რამდენად უწყობს ხელს კონფლიქტის მოგვარებას ადამიანებს შორის პირდაპირი კონტაქტები?

 

- მე მჯერა, რომ მავთულხლართით, ტანკით 21-ე საუკუნეში ვეღარ დააკავებ სამუდამოდ ადამიანებს, ვერ ამყოფებ გეტოში, ვერ აუკრძალავ კარგ განათლებას და დანარჩენ მსოფლიოსთან კონტაქტებს. პარადოქსია და ამ დაყოფის არამდგრადობაზე მიუთითებს ის, რომ მაგალითად საქართველოს მოქალაქეებს ახლა უკვე უვიზოდ და დაბრკოლებების გარეშე შეუძლიათ ათასობით კილომეტრზე გადაადგილება, მაშინ როცა ზოგიერთ სოფელში საოკუპაციო ხაზთან მეზობელი მეზობელს ხელს ვერ ართმევს. ასე ვერ იქნება სამუდამოდ. დღეს, ასეთი კონტაქტები დასჯადიც კია იმიტომ, რომ ზუსტად ამ კონტაქტებს აქვთ შერიგების ყველაზე დიდი პოტენციალი.

 

ეს კედლები დაინგრევა და ჩვენი ამოცანაა, რომ არ დავუშვათ მსხვერპლი და მაქსიმალურად გონივრულად მივაღწიოთ ამ მიზანს.

 

ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სკოლებშიც კი უმყარებენ მტრის ხატს ქართველების მიმართ, საკმარისია მათ თანატოლებთან ურთიერთობის ნახევარი საათი, როდესაც მთელი ამ წლების განმავლობაში ნაგები სტერეოტიპები იმსხვრევა.

 

- თქვენი ინფორმაციით, როგორია მოსახლეობის განწყობა მავთულხლართების მიღმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე?

 

- ბევრს არ მოსწონს ე.წ. რუსიფიკაციის პროცესი, რასაც ადგილი აქვს. ასზე მეტ შეთანხმებას მოაწერა მოსკოვმა ხელი სოხუმისა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებებთან. ამ შეთანხმებებში ფაქტობრივად შავით თეთრზე წერია, რომ რუსეთი ყველა სფეროზე ახორციელებს ექსკლუზიურ კონტროლს და ფაქტობრივად ხდება ამ რეგიონების რუსიფიკაცია. ეს არ მოწონს იქაურ მოსახლეობას იმიტომ, რომ მათ თავისი იდენტობა აქვთ, რეალურად კარგავენ ამ იდენტობას და არიან ძალიან სერიოზული საფრთხის ქვეშ.

 

მე ამ სფეროში ვმუშაობ და ზუსტად ვიცი რეალურ ადამიანებთან მაქვს შეხება -აფხაზებთან, ოსებთან, რომლებსაც სხვა რამ წარმოუდგენიათ თავის მომავლად და არა გარუსება. ერთადერთი რეალური ალტერნატივა - ეს არის საქართველოს წარმატებული ევროინტეგრაცია და ზუსტად ამ ევროპული სახელმწიფოს მოდელში ყველას იდენტობის დაცვაა.

 

2012 წელს როცა (ხელისუფლებაში) მოვედით, საერთოდ ნულოვან ნიშნულზე დაგვხვდა სამშვიდობო პროცესი და იმ ნიშნულიდან ამოვიყვანეთ. დღეს კი შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ასეთი სიხშირე კონტაქტები მინიმუმ ბოლო 11 წელია არ ყოფილა. შეხვედრები, რომლებიც არასაჯაროდ ხდება ისევ იმ ადამიანების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე არ ვასაჯაროებთ, იქნება ეს საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე თუ საზღვარგარეთ, ძალიან გახშირებულია. ეს მარტო შეხვედრები შეხვედრებისათვის არ არის, ეს არის გამოხატული ინტერესია თანამშრომლობისთვის.

 

ჩვენ აუცილებლად ხელი უნდა შევუწყოთ ამ კონტაქტებს, რომლებიც ახლა ასე იზრდება და ამით კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს მშვიდობაში. რა თქმა უნდა, ამაში ჩვენი პარტნიორების დახმარების იმედიც გვაქვს.

 

- ოკუპაციიდან თავის დაღწევის გზას რაში ხედავთ?

 

- ჩვენ ძალიან პრინციპულები უნდა ვიყოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის საკითხში. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მყარი მხარდაჭერაც გვაქვს, რომ რუსეთს აღიარების პოლიტიკაც ჩაუვარდა. ჩვენ დევნილები გვყავს 300 ათასი ადამიანი, რომლებიც უკანონოდ საკუთარი სახლებიდან გამოდევნილები არიან. მათი ნება და ხმა უგულებელყოფილია, მათ დაბრუნების უფლებას ვერავინ ვერასდროს წაართმევს.

 

ყოველდღიურ რეჟიმში რასაც ვაკეთებთ, მოსახლეობას უნდა დავეხმაროთ, სამშვიდობო ინიციატივები უნდა განვახორციელოთ, ხელი უნდა შევუწყოთ ვაჭრობას გამყოფი ხაზების გასწვრივ, ასევე უკეთესი განათლების მიწოდებას. მოსახლეობას უნდა ჰქონდეს სხვადასხვა სერვისზე წვდომა. თუ უნდათ საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღება, ესეც გავამარტივეთ პროცედურულად, რითაც შეუძლიათ მერე ისარგებლოს ვაჭრობისა თუ უვიზო მიმოსვლის პრივილეგიებით. ამას აუცილებლად გავაგრძელებთ.

 

პარლამენტმა ცხრა კანონში უამრავი ცვლილება შეიტანა. მთელი წელი ვიმუშავეთ კანონქვემდებარე აქტების ჰარმონიზაციაზე კანონთან შესაბამისობაში. ასევე, ინფრასტრუქტურული ელემენტებია. ერთი ფინანსური ინსტრუმენტი უკვე ავამოქმედეთ, და მის ფარგლებში უკვე უზარმაზარი ინტერესია გამოხატული ორივე რეგიონის მოსახლეობის მხრიდან გამყოფი ხაზების გასწვრივ თანამშრომლობაზე. უპრეცედენტოდ მაღალი. დღე-დღეზე შეიქმნება ახალი მშვიდობის ფონდი, რომელიც იმედია კიდევ უფრო მეტ რესურსს მოუყრის თავს და მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, რომ განვახორციელოთ ის გეგმები, რაც ჩვენ დავსახეთ.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner