3 ივნისს სახელმწიფო კანცელარიაში, ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერი ჭანგ გაოლის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს მოეწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონიას მაღალი რანგის ჩინელ სტუმართან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო სავაჭრო წარმომადგენელთან, კომერციის მინისტრის მოადგილე ჭუნგ შანთან ერთად ხელი მოაწერა ორ მემორანდუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს შორის, მათ შორის, ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დაჩქარების შესახებ.
ხელმოწერის შემდეგ, ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ ქართული და ჩინური მხარეების მონდომება და სურვილი თანამშრომლობის მიმართულებების შესახებ ერთმანეთს დაემთხვა. კერძოდ, ქართულმა მხარემ მიიღო შეთავაზება ჩინელი კოლეგებისგან, რათა საქართველოს სახელმწიფოს განვითარების გეგმები, მათ შორის, „2020", დაახლოვდეს და განხილულ იქნას ხუთწლიან გეგმებთან მიმართებაში, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას აქვს აბრეშუმის გზის განვითარების კუთხით. ვიცე-პრემიერის შეფასებით, ეს ყოველივე შემდგომში გადაწყვეტილებების მიღების პროცედურას გაამარტივებს.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ჩინეთის დელეგაციის ვიზიტისას მხარეებმა ასევე ისაუბრეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, რომელთანაც დაკავშირებული მოლაპარაკებების დაჩქარების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მხარეებმა ასევე განიხილეს საინვესტიციო პოტენციალი, რომელსაც აბრეშუმის გზის განვითარება გამოიწვევს. განხილულ საკითხებს შორის იყო თანამშრომლობა ტურიზმისა და ვაჭრობის სფეროებში. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში ერთობლივი საწარმოების ამოქმედებასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.
ვიცე-პრემიერმა ასევე ვრცლად ისაუბრა ჩინეთის წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტისას გაფორმებულ შეთანხმებებზე, რომლის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ საქართველოსა და ჩინეთს შორის ერთობლივ სავაჭრო და საინვესტიციო საბჭოს ჩამოყალიბებაზე. შეთანხმების განხორციელებაზე პასუხისმგებელი საქართველოს მხრიდან არის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ხოლო ჩინეთიდან - კომერციის სამინისტრო. შეთანხმების თანახმად, შეიქმნება საბჭოს სამდივნოები, სადაც მოწვეულნი იქნებიან როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები. აღნიშნული სტრუქტურის ძირითადი ამოცანა იქნება მეწარმეების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, ასევე ინვესტიციების მოზიდვა, ვაჭრობის განვითარება და ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც შეიძლება ამ მიმართულებით შეიქმნას.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ჩატარდება მუდმივმოქმედი სემინარები ჩინეთსა და საქართველოში. სემინარები ორი ქვეყნის კომპანიებს ერთმანეთის ბაზრებზე შესვლაში დაეხმარება, ასევე ამოქმედდება ვებ-გვერდი, რომელზეც ქართულ, ჩინურ და ინგლისურ ენებზე განთავსდება სათანადო ინფორმაცია ქართული და ჩინური ბიზნესისთვის, მათ შორის, სავაჭრო და საინვესტიციო პროექტებთან, ასევე გამოფენებთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც რეგულარულად განახლდება.
ჩინეთის მხარესთან გაფორმებული შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ვაჭრობის ხელშემწყობი დელეგაციების ვიზიტების ორგანიზებას, საწარმოებისთვის ბიზნეს შესაძლებლობების მოძიებაში დახმარების გაწევას. ამასთან, ჩინეთის მხარე გააგრძელებს ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობას ღონისძიებათა ერთობლივად ორგანიზების გზით და განათავსებს ქართულ ვებ-პორტალს ჩინეთში იმპორტის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილ ჩინურ ვებგვერდზე (www.import.org.cn), რომლის მიზანია ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის პლატფორმის შექმნა და ქართული პროდუქციის, განსაკუთრებით საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა მიერ დამზადებული პროდუქციის შესახებ ჩინეთის საწარმოებისა და მომხმარებლებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება.