„შეკითხვა: ვინ დაიწყო ომი? არ საჭიროებს სხვადასხვა პასუხს. რასაკვირველია, რუსეთმა და, ბუნებრივია, ბევრად უფრო ადრე!“ - აცხადებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე გაზეთ „ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აგვისტოს ომის თემა ჩარჩოში მოაქცია, რომლითაც სააკაშვილის ხელისუფლების მაშინდელი მოქმედებების შეფასება ან ნებისმიერი კრიტიკა უდრის „ქვეყნის ღალატს“.
„სააკაშვილმა და აწ უკვე საჯაროდ „ამოსუნთქულმა“ მისმა თანაგუნდელებმა წაგებული ომი მოგებულად გამოაცხადეს! სინამდვილეში საკმაოდ ძვირი გადაიხადა საქართველომ „ამოსუნთქვაში“. უნდა ითქვას, რომ „ნაცმოძისთვის“ რუსული საფრთხე იყო და დღემდე რჩება ძალაუფლების მოპოვება-შენარჩუნების საშუალებად. რეალურად კი, არავინ ისე ეფექტურად არ შეუწყო ხელი რუსულ ოკუპაციას, როგორც სააკაშვილის პროვოკაციულმა პოლიტიკამ“, - აცხადებს აბაშიძე.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გუნდი პრაქტიკულად შემოუძღვა 2008 წელს საქართველოში რუსულ არმიას და შემდეგ ომის დასრულებიდან რამდენიმე თვეში ხელი მოაწერა საერთაშორისო რეზოლუციას, რომლის შესახებაც საზოგადებისთვის მაშინ ნაკლებად იყო ცნობილი.
აბაშიძეს მხედველობაში აქვს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), 2008 წლის ოქტომბრის მე-5 პუნქტი: „ქართველი სამხედროების მიერ 2008 წლის 7 აგვისტოს, გაფრთხილების გარეშე, ცხინვალის დაბომბვის დაწყებამ ესკალაცია ახალ დონეზე გადაიყვანა, კერძოდ, სიტუაცია ღია და ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა“. სააკაშვილის „ამოსუნთქულებმა“ დროულად არ მიმართეს გაეროს უშიშროების საბჭოს აგრესიის შეჩერების მოთხოვნით, საერთაშორისო საზოგადოებამ კი მიიღო ტალიავინის კომისიის დასკვნა, რომელიც ასევე მძიმედ აღწერს მაშინდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობას.
„სააკაშვილის მეთოდი და უტიფრობა რომ უცვლელია, ეს არაა ახალი. ამჟამინდელ ხელისუფლებას აბრალებს იმას, რაც თავად გააკეთა. ოკუპაციის ავტორმა/თანაავტორმა ცინიკურად ანტისაოკუპაციო მოძრაობა შემოგვთავაზა. გავიხსენოთ, რა უძღოდა წინ 2008 წლის ზაფხულის მოვლენებს. 2006-ში გვახსოვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური დარტყმის ქვეშ მოქცევა, როცა ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციული პოლიტიკის გამო, ჩვენი თანამოქალაქეები რუსეთიდან გამოყარეს საბარგო თვითმფრინავებით, შეწყდა ვაჭრობა და რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენებმა ნახეს უდიდესი ზარალი, რაც, ბუნებრივია, ისევ ჩვენს ქვეყანაზე აისახა, რადგან ამ ფულის დიდი ნაწილი ისევ საქართველოში შემოდიოდა. მანამდე კი, 2004-ში ექსპრეზიდენტის იმპულსურმა პოლიტიკამ დაასამარა ქართულ-ოსური დაახლოების კურსი. სამშვიდობო პროცესი შეეწირა სააკაშვილის ამბიციას. ამ ზაფხულს გაბუნიას ტელემიმართვაზე აღარ შევჩერდები“, - აცხადებს გია აბაშიძე.