logo_geo
eng_logo
ქეთევან მელიქიძე: ჩემს თაობას წიგნის კითხვის ჩვევა ჰქონდა... „უნარ-ჩვევები“ ცალკე საგნად არ ბარდებოდა, რამეთუ...
- +

8 აგვისტო. 2019. 13:20

 

ჩემს თაობას წიგნის კითხვის ჩვევა ჰქონდა. ამ წიგნში გადმოცემული რომანისა თუ მოთხრობების შინაარს როგორ აითვისებდი და გადმოსცემდი, შენს უნარზე იყო დამოკიდებული.

 

„უნარ-ჩვევები“ ცალკე საგნად არ ბარდებოდა, რამეთუ ყველა საგანში მკაფიოდ მოჩანდა აბიტურიენტის უნარ-ჩვევები.

 

ჰოდა ის „ბნელი და უკუნია“, უნივერსიტეტში სტუდენტის დაფინანსებას უნარ-ჩვევების ტესტის შედეგები რომ არ განსაზღვრავს (ბავშვებო, ნეტა იცოდეთ რა დღეში ჩაგყარათ „პრადვინუტი“ განათლების სამინისტრომ!) უნივერსიტეტში ვაბარებ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში. კომისიის თავმჯდომარე ქ-ნი მზექალა შანიძეა, ვისთანაც ხუთიანის „ჩაწყობა“ გამორიცხულია! კარგად ვპასუხობ, მიყვარს საგანი და რადგან პრეტენზია ხუთიანზე მაქვს, კომისიის თავმჯდომარესთან მიმაბრძანეს. უხასიათოდ მივლასლასებ, ფეხები უკან მრჩება. უცებ მამის მეგობარს ბატონ ვახუშტი კოტეტიშვილს მოვკარი თვალი და „გამოთქმით“ მივესალმე. მან რატომღაც თვალი ამარიდა. ამასობაში მაგიდასთან მიმიყვანეს და ოდნავ ჭაღარაშერეულ, ცისფერთვალება ქალის პირდაპირ დამსვეს, რომელსაც გვერდს მამაკაცი უმშვენებდა. მაინტერესებს დაზეპირებული გაქვთ ტექსტი, თუ ნაწარმოები ყურადღებით გავს წაკითხული, ამიტომ შეკითხვებს დაგისვამ და ყურადღებით მომისმინეო, მითხრა ქალბატონმა.

 

ბატონმა ვახუშტიმ რკინისფეხებიან სკამს დაავლო ხელი და ისიც ამ მაგიდას მოუჩოჩდა.

 

- რა ფერის თვალები ჰქონდა ბაშიაჩუკის ცხენს?

 

ყურებს არ დავუჯერე, ასეთს არაფერს ველოდი, სანამ პირს გავაღებდი, ვახუშტი კოტეტიშვილმა: გამომაქლიავა ამ სიცხემო, ამოიოხრა.

 

- ქლიავისფერი,- ვთქვი მე.

კომისიის წევრებმა საყვედურით გადახედეს ბატონ ვახუშტის, ჭაღარა კაცს, რომელიც მოგვიანებით გავიცანი, ბატონ ალექსი ჭინჭარაულს, გაეღიმა.

 

- ოთარაანთ ქვრივის ქმარს რა ერქვა? - მკაცრად იკითხა ქალმა.

 

ბატონმა ალექსიმ გადამარჩინა არასწორი პასუხისაგან. ეს საკმაოდ რთული კითხვაა, ნაწარმოებსა და ფილმსაც კი „ოთარაანთ ქვრივი“ ჰქვია და ბავშვებს ეს აქვთ ჩარჩენილი გონებაშიო, „მიშუამდგომლა“ ქალბატონ მზექალასთან.

 

- იქნებ არსენას ძაღლის სახელი მაინც მითხრათ? - ქალი არ ცხრებოდა, კოლეგებს წარბშეკრულმა გადახედა.

 

მხრები ავიჩეჩე, ვიცოდი არავინ არაფერს აღარ მიკარნახებდა, აზრზე არა ვარო მინდოდა მეთქვა და უეცრად ქალბატონმა მზექალამ ორივე ყურის ბიბილოზე ერთდროულად წაივლო ხელი.

 

- ყურშა? - საკუთარ თვალებს ვერ ვუჯერებდი მე.

 

ასეთ სიცილ-ხარხარში, ანუ როგორც ახლა იტყვიან ღადაობაში დამიწერეს ხუთიანი.

 

დღემდე არ ვიცი, არც ბაშიაჩუკის ცხენის თვალების ფერი, არც არსენას ძაღლის სახელი, ოთარაანთ ქვრივის ქმარი წესით ოთარა უნდა იყოს... სამაგიეროდ ვიცი, რომ უნივერსიტეტში ასწავლიდნენ არაჩვეულებრივი ადამიანები, რომლებსაც ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და ლიტერატურა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner