საქართველო, ბოლო ოკუპაციის 11 წელი - სამაჩაბლო!
იხილეთ ვაჟა- ფშაველა, მიხეილ ჯავახიშვილი, გრიგოლ რობაქიძე, აკაკი ბაქრაძე, ოთარ ჭილაძე და ბესიკ ხარანაული...
„ადამიანის გონება ყველას და ყველაფერის დაბერებას შეურიგდება, ხოლო სიბერე ერისა საშინელებაა....ერს დააბერებს მხოლოდ მონობა.... დიაღ, მონობა საშინელებაა, მომაკვდინებელია, .... სწორედ იგი იწვევს ერის სიბერეს, სხვაფრივ ერის სიბერე და სიკვდილი შეუძლებელია მანამდე, სანამ მზე ანათებს დღისით და ღამით მთვარე..
ხომ იცით მონობაში არწივი ას წელს ვერ ცოცხლობს, ხოლო თუ თავისუფალია ორასსაც გადააჭარბებს.... ქორს თავისუფლებას ჩვეულს, ატუსაღებს ვინმე, ერთს კვირასაც ვერ სძლებს მონობაში და კვდება. რამ მოკლაო რომ იკითხოთ, „გულმაო“ - გიპასუხებენ“.
ვაჟა-ფშაველა „ზოგი რამ ფიქრებიდან“. ტომი 9. გვ.381.
„სახელმწიფოსთვის და ერისთვის არ არსებობს უმაღლესი და უდიდესი კანონი, თვინიერ თავისი ფიზიკური არსებობის დაცვისა. ადვილად იცავს და ინახავს თავის თავს ის ერი და ის სახელმწიფო, რომელიც ბუნებრივ ჩარჩოშია მოქცეული. სახელმწიფო ყოველთვის ისწრაფვის ჩაჯდეს ისეთს საზღვრებში, რომელთა დაცვა ხიფათის დროს მოითხოვს მისგან მინიმუმს მისი ძალღონისა...
საქართველო ამ მხრივ ბედნიერი არ არის, მაგრამ არც უბედურთა შორის ჩაითვლება. მას აქვს თავისი ბუნებრივი სტრატეგიული საზღვრები. გადახედეთ საქართველოს რუკას. მისი ეკონომიკური, ტოპოგრაფიული, სტრატეგიული და ისტორიული საზღვრები ერთი და იგივე არიან. ბევრი სახელმწიფო ინატვრის ასეთ მთლიანობას და მკაფიოდ გამოჭრილ-გამოკვეთილ ჩარჩოს. უდიდესი ბოროტება იქნება წინაშე ჩვენი ერისა და მისი მომავლისა ამ ბუნებრივ ჩარჩოს დარღვევა მხოლოდ იმიტომ, რომ მის ამა თუ იმ მცირე კუთხეში ქართველი უმცირესობას შეადგენს. ამ მთლიანი ჩარჩო საზღვრების შესაქმნელად ჩვენს წინაპრებს ზღვა სისხლი დაუღვრიათ და მრავალი თაობა მისთვის შეულევიათ. და თუ ეხლანდელ თაობას არ დაჰკარგვია იდუმალი ალღო თავდაცვისა და შეგნება უდიდეს ვალდებულებისა წინაშე მომავლისა, იგი ნებაყოფლობით ვერ გადაუხვევს ათასი წლობით გაკაფულ გზას, ვერ მოიკლავს საკუთარი ხელით თავის თავს და ვერ დაიდებს ისეთსს საზღვრებს, რომელნიც ალაყაფის კარებებს გაუხსნის ყველას, ვინც კი მოისურვებს ჩვენს მამულში შემოსვლას. ხოლო ყველამ იცის, რომ მოსურნე ჩვენს სახლში შემოსვლისა ათასია.“
მიხეილ ჯავახიშვილი
„ზოგმა დამპყრობელმა ქუდი დაგვიტოვა თავისი, ზოგმა ტანსაცმელი, ზოგმა ცბიერება, ზოგმა თვალთმაქცობა, ზოგმა უზნეობა, ზოგმა ენა შეგვირყვნა და ზოგმა რჯული, მაგრამ იმდენი ზარალი, ზნეობრივ-გონებრივი ზარალი, არავის არ მოუყენებია, როგორიც მოგვაყენა რუსეთმა. სხვა მტერი რომ შემოვიდოდა ხოლმე საქართველოში, მიანგრ-მოანგრევდა, ააწიოკებდა მას და კვლავ გარბოდა. საქართველო რჩებოდა ისევ თვითარსად, თვითმმართველად, თავის თავის გამგებლად და ავად თუ კარგად თვითვე უვლიდა თავის შინაურსა და გარეშე საქმეებს. რუსები კი, მოვიდნენ თუ არა საქართველოში, მაშინვე სწვდნენ ქართველ ერს სულის სიღრმეში და მოინდომეს მისი გადაგვარება, მისი თავისებურობის მოსპობა. მათ თანდათანობით მოსპეს ჩვენი ეროვნული სკოლა, სამართალი, შემოიტანეს თავისი კანონები, სატუსაღოები, სკოლები, ყაზარმები და მონღოლურ-სლავური ვერაგობით იქამდე გაგვიხადეს საქმე, რომ დღესაც კი - რუსეთის დანგრევის შემდეგაც კი არამც თუ ძველი თაობა, არამედ ახალი თაობაც კი ჯერაც გონს ვერ მოსულა და ისევ რუსულად აზროვნებს, მღერის, ჟღმურტულებს. მარტო ბრმა და ყრუ ან ჯიუტი და მოღალატე ქართველი - მახარაძე-ორჯონიკიძის ტიპისა, თუ ვერ დაინახავს იმ უფსკრულს, რომელსაც უმზადებს ქართველ ერს დღევანდელი რუსეთი“.
გ. რობაქიძე
„პოლიტიკაში არ არსებობს კეთილი და ბოროტი რუსეთი. რუსეთი ერთია და იგი, პოლიტიკური თვალსაზრისით, არასოდეს იქნება საქართველოს მეგობარი. იგი იყო, არის და დარჩება საქართველოს მტერი. ბავშვურ ილუზიებს ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვეთხოვოთ. პოლიტიკურ მოვლენებს რეალურად და ფხიზელი თვალით შევხედოთ. სულერთია, ვინ მართავს რუსეთს რუსი ივანე მრისხანე თუ თათარი ბორის გოდუნოვი, გერმანელი ეკატერინე მეორე თუ ქართველი სტალინი. ისინი რუსეთის სახელმწიფო ინტერესებს ემსახურებიან...“
აკაკი ბაქრაძე „ბაბაიას დიპლომატია“
„ყველანაირად ვეცადოთ, რაც შეიძლება მალე მოვიშოროთ ჩვენს სულებში საუკუნეთა მანძილზე ჩალექილი მონობის შლამი, დავიბრუნოთ ჭეშმარიტი სახე, ჭეშმარიტი ბუნება და აღვიდგინოთ ისტორიული მახსოვრობა. ჩვენი საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, ან თავისუფლების შესანარჩუნებლად, ან თავისუფლების კიდევ ერთხელ მოსაპოვებლად ვიბრძვით, ხოლო ისტორიული მახსოვრობის გარეშე, შეიძლება, საერთოდ ავიღოთ ბრძოლაზე ხელი, რაც იგივე სიკვდილი იქნება ჩვენთვის. ჩვენ ვიდრე ვიბრძვით, იქამდე ვართ ანგარიშგასაწევი ხალხი მტრისთვისაც და მოყვრისთვისაც. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, როგორმე უნდა გავაცნობიეროთ, სამასწლოვან ომში რომ ვართ ჩათრეულნი და აგვისტოს ომი მხოლოდ ეპიზოდია ამ ომისა... ამით არც არაფერი დაწყებულა, არც არაფერი დამთავრებულა.“
ოთარ ჭილაძე
ჰო, გვავიწყდება. ...სად ვიწყებოდით და სად ვმთავრდებოდით -
აკი ბრაზი მალევ გადაგვდის გულიდან და თუ ცოტა ხანს შეგვიყოვნდა, ჩვენს თავზე ვბრაზობთ.
აღარ გვინდა საქართველოს რუკის შეხედვაც, რადგან თითქოს სილას გვაწნავს უკუმლტოლველი მისი საზღვრები.
საქართველოსთვის წელიწადის ყოველი დღე თარიღი არის, რადგან როდის იყო, რომ არ კლავდნენ ან სხეულის ნაწილს არ აჭრიდნენ.
საქართველოს რუკის დღეს გიწესებთ:
თუმცა ბრმადაც შეიძლებოდა მისი არჩევა, მახსოვრობა ბოლოდან იწყება, აღნიშნეთ ბოლო დანაკარგი და დაარქვით იმ დღეს სახელი - საქართველოს რუკის დღე!..
დაე, ამ დღემ ისიც გასწავლოთ, რომ ისტორია თავიდან იწყება.
ბესიკ ხარანაული
ნინო კვაჭანტირაძე