4 ივნისს, 13:00 საათზე, ახალქალაქის კულტურის ცენტრში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო" ფარგლებში, ქართველი მწერლები გივი შაჰნაზარი, მაყვალა გონაშვილი და ანაჰიდ ბოსტანჯიანი შეხვედრას გამართავენ ადგილობრივ მოსახლეობასთან და საკუთარ შემოქმედებას გააცნობენ.
ღონისძიების ფარგლებში, მოეწყობა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნის „მესხური ფოლკლორი" და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული თარგმანების, მათ შორის სომხურ ენაზე ნათარგმნი ქართველი მწერლების ნაწარმოებების პრეზენტაციები; აგრეთვე, გაიმართება ახალი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ჩვენება და ადგილობრივი ახალგაზრდა მხატვრებისა და ფოტოხელოვანების ნამუშევრების გამოფენა. პროექტის ფარგლებში, ადგილობრივ სკოლებსა და ბიბლიოთეკებს საჩუქრედ სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები გადაეცემა. ღონისძიებას მუსიკალურად თბილისის კონსერვატორიის რექტორის, მუსიკოსის რეზო კიკნაძის ბენდი გაფორმებს.
პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო" 23 აპრილიდან - 17 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ორგანიზებით, უკვე მეორედ ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრირების ხელშეწყობას, სახელოვნებო განათლების დონის ამაღლებას, შემოქმედებითი უნარების განვითარებას. პროექტი ითვალისწინებს კულტურული ღონისძიებების გამართვას როგორც მარნეულში, ასევე ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბოლნისში.