logo_geo
eng_logo
პროკურორი: ვახტანგ წერეთელმა ჩვენს შეკითხვებზე ძირითადად პასუხი გასცა, რომ „არ ახსოვს“
- +

8 აგვისტო. 2019. 17:33

 

„ვახტანგ წერეთელმა ჩვენს შეკითხვებზე ძირითადად პასუხი გასცა, რომ „არ ახსოვს“ და მისი შემხებლობა ამ კომპანიებთან შემოიფარგლებოდა მხოლოდ იმით, რომ ეს იყო მათი ოჯახის ბიზნესი“, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს „TV პირველის“ დამფუძნებლის ვახტანგ წერეთლის დაკითხვის შემდეგ განუცხადა.

 

„ვახტანგ წერეთელი სოციალურ ქსელში ავრცელებდა რიტორიკულ შეკითხვებს - რატომ არ ხდებოდა მისი დაკითხვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს პიროვნება ჩვენ სასამართლოში დავკითხეთ, ძირითადად ჩვენს შეკითხვებზე მან პასუხი გასცა, რომ არ ახსოვს და მისი შემხებლობა ამ კომპანიებთან შემოიფარგლებოდა მხოლოდ იმით, რომ ეს იყო მათი ოჯახის ბიზნესი. ჩვენ ვახტანგ წერეთელთან გვქონდა ლეგიტიმური შეკითხვები, ვინაიდან ის წარმოადგენდა „სამგორი M“-ის და „სამგორი თრეიდის“ წილის მფლობელს. ჩვენ გვქონდა შეკითხვები იმ ტრანზაქციებთან დაკავშირებით, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს“, - განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

 

რაც შეეხება ვახტანგ წერეთლის განცხადებას, რომ პროკურატურას სურს მისი მამის, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, პროკურორი განმარტავს, რომ მსგავსი პროგნოზების გაკეთება არასწორია.

 

„სამართლებრივად ვფიქრობ, არასწორია წინასწარ პროგნოზების გაკეთება, საქმეზე რა მოხდება და როგორ მოხდება. ასეთი პროგნოზების გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია“, - აღნიშნა ტყეშელაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner