ავტორი თეა ფირცხალავა
ამ საბედისწერო დღეს ჩემი ძველი სტატუსების კოლაჟს შემოგთავაზებთ:
რუსეთ–საქართველოს ომი დაიწყო 7 აგვისტოს – 23:35 სთ–ზე, მაგრამ ფიარტექნოლოგიის დიდოსტატ მიშას გადაწყვეტილებით, იგი გაფორმდა როგორც 08.08.08.
ეს იყო მიშას მორიგი „ფიარის“ ნაწილი, რათა ომის თარიღი „მრგვლად“ და „ლამაზად“ ჩაბეჭდილიყო საქართველოს ისტორიაში და ზოგიერთი ტვინგამორეცხილის გონებაში.
მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ჩინეთში საზაფხულო ოლიმპიური თამაშების გახსნისთვის ემზადებოდა, „მხედართმთავარი“ მიშა და თავით ფეხამდე დანა-ჩანგალასხმული მისი „სამეფო“ ამალა შეგნებულად წამოეგო რუსეთის პროვოკაციაზე და შეგნებულად აამოქმედა მორიგი ბინძური გეგმა... რის და ვის ხარჯზე, ან რის და ვის ფასად, ამას მიშა არად დაგიდევდათ, ჩვენ კი მწარედ გვახსოვს, რომ ყველაფერი მოხდა საქართველოს ახალი ტერიტორიების დაკარგვის და მოსახლეობის სიცოცხლის ფასად. ომი 5 დღეში დასრულდა... და რა ხდებოდა იმ დროს?!
მაშინ, როდესაც 2008 წლის აგვისტოს, ომში დახოცილი ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი ბიჭები და კაცები, მოხუცი თუ ახალგაზრდა მოხალისეები ბრძოლის ველზე იწვნენ პაპანაქება სიცხეში და ქრისტიანულად დამარხვას „ნატრობდნენ“, უკვე 12 აგვისტოს მიშა მორიგი ფიარაქციისთვის ემზადებოდა და თავის ტვინგამორეცხილ მხარდამჭერებს პარლამენტის წინ ეპატიჟებოდა, მერე სარკო–სარკოს აყვირებდა და ომში „გამარჯვებას“ აზეიმებდა... რომ არა ჩვენი პატრიარქი და ეკლესია, ის ბიჭებიც იმ „უსახელო“ ჯარისკაცებისა და არაჯარისკაცების სიას შეემატებოდნენ, რომლებიც ჯერ კიდევ მრავლად გვყავს საქართველოში...
ამას ვერასოდეს ვაპატიებ მიშას...
დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენებ ქართველ გმირებს გიორგი ანწუხელიძეს, ვახტანგ გზირიშვილს და ყველა, ყველა, ყველა ვაჟკაცს, ვინც 2008 წლის აგვისტოს და აფხაზეთში წამოწყებულ ომს შეეწირა. მინდა გულწრფელი სამძიმარი და თანადგომა გამოვუცხადო ომებში დაღუპული თუ დასახიჩრებული ყველა ჯარისკაცის დედას და ოჯახს... იცოდეთ, ჩვენ გვახსოვს თქვენი გმირი შვილები!!!
ახლა კი, სტატუსის ბოლოს, მე გავჩუმდები და ჰაიდი ტალიავინს „ვალაპარაკებ“...
„2008 წლის 7 აგვისტოს 23:35 სთ–ზე საქართველოს პრეზიდენტმა გასცა ბრძანება თავდაცვითი ოპერაციის დაწყების შესახებ. ოპერაცია საქართველოს მასიური საარტილერიო შეტევით დაიწყო. სამხედრო ოპერაციის დაწყებისთანავე, საქართველოს გაერთიანებული სამშვიდობო ძალების (JPKF) სარდალმა, ბრიგადის გენერალმა მამუკა ყურაშვილმა განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაცია მიზნად ისახავდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას. ოდნავ მოგვიანებით საქართველოს მხარემ უარყო მამუკა ყურაშვილის განცხადება... და სამხედრო ოპერაციის დაწყების საფუძვლად რუსეთის სამხედრო ძალების შემოჭრა გამოაცხადა.
მისიას არ შეუძლია განიხილოს საქართველოს ბრალდება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 2008 წლის 8 აგვისტომდე რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო შემოჭრის შესახებ, როგორც საკმარისად დასაბუთებული.“