logo_geo
eng_logo
კონსტანტინე გამსახურდია: ჩვენს ეპოქას გმირები არ უყვარს!
- +

3 ივნისი. 2016. 21:14


„ჩვენს ეპოქას გმირები არ უყვარს. ისე გამოყავთ, რომ ისინი არც არსებობენ და მათი კულტი მხოლოდ ჰიპერბოლიზებისკენ, გაიდეალებისკენ მიდრეკილი სახალხო ფანტაზიის შედეგად წამოიქმნება", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების" ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია წერს.

 

„გარდა ამისა, მათ მიმართ რაღაცნაირი არაცნობიერი შიშია, თითქოს ისინი დიქტატორული ნატურები არიან, ყველა ადამიანისგან გმირობას მოითხოვენ და არ ცნობენ პატარა, „ადამიანურ" პრობლემებს, სოციალურ მხარეს. იგი ჩანაცვლდა პრაგმატიკოსით, მენეჯერით, ზოგადად „წარმატებული" კაცით, რომლის წარმატების მიღმაც პოლიტიკური ან საზოგადოებრივი აღიარება იგულისხმება, რაც ასევე გამორჩეულად და თვალშისაცემად დიდ ფინანსურ კაპიტალს გულისხმობს.

 

ახლახან დავასრულე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში კურსი რუსულ-კავკასიურ ურთიერთობებზე მე-19 და მე-20 საუკუნეებში. ეს ისტორია ნამდვილ გმირებზეა (მათ აღარ ჩამოვთვლი), რომლებიც დამარცხდნენ რუსულ სამხედრო ძალასთან, ევროპულ მოწესრიგებულობასთან და ორგანიზაციასთან, გაცილებით აღმატებულ ადამიანურ და სამხედრო რესურსთან. დამარცხდნენ ერმოლოვთან, ციციანოვთან, როზენთან, გუდოვიჩთან, პასკევიჩთან, ბარიატინსკისთან, ევდოკიმოვთან, მოგვიანებით ჰეკერთან, ლენინთან, ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა ჩეკა, НКВД და ა.შ.

 

ისე ჩანდა, რომ საქართველოს ბოლო მეფე გიორგი მე-13 იყო: ზაქიჭამიად წოდებული, რომელზეც პლატონ იოსელიანი გვარწმუნებს, რომ უაღრესად მორწმუნე, მმარხველი და მლოცველი კაცი იყოო. მახსოვს, როგორი უსასოობა დამიტოვა მუხრან მაჭავარიანის ამ ლექსის ტკივილით აღსავსე სტრიქონებმა:

 

ანი და ჰოე ვართ ქართლისა მე და შენ,

გიორგი მეცამეტეს ეტყვის ფარნავაზი...

 

არადა, საქართველოს უკანასკნელი მონარქი ნამდვილი გმირია: იმერეთის მეფე სოლომონ მეორე (1784-1810), იგივე დავით არჩილის ძე, ბაგრატიონ-ბაგრატიონი, პირდაპირი შთამომავალი ერეკლე მეორისა და სოლომონ პირველის უახლოესი ნათესავი. მეფე, რომელიც არ შეეპუა რუს დამყრობელს და იომა, რამდენიც შეძლო. მანამდე მოსინჯა და ამოწურა ყველანაირი დიპლომატიური გზა. ბოლოს იგი დევნილობაში გარდაიცვალა. მისი ცხედარი ტრაპიზონში რჩებოდა, ვიდრე საქართველოში გადმოასვენებდნენ.

 

მისი ტრაგიკული აღსასრულის მიუხედავად იგი საოცრად ოპტიმისტურ ნოტაზე ასრულებს საქართველოს მეფეთა ისტორიას. ასეთი ადამიანების ცხოვრებაზე ფიქრი შესაძლოა ძალად და რწმენად გადაიქცეს, რომ საქართველოს ვერავინ წაშლის პოლიტიკური რუკიდან და ვერც გადააგვარებს", - წერს გამსახურდია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner