logo_geo
eng_logo
მიხეილ ბატიაშვილი: ძალიან მალე ქართული ენა ინტეგრირდება „Microsoft“-ის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებზე
- +

9 აგვისტო. 2019. 10:51

 

განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, სასწავლო დაწესებულებებში სწავლის ხარისხის ასამაღლებლად, ერთ-ერთი სტრატეგიული კომპონენტია  ციფრული ტექნოლოგიების სწავლა-სწავლების პროცესში დანერგვა.  ამ მიმართულებით  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, რომელზე მუშაობა ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს, Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებზე ქართული ენის  ინტეგრირებასა გულისხმობს. ამ მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და საპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა  Microsoft-ის ექსპერტთან განათლების საკითხებში ოლივერ ზოფიჩთან სამუშაო შეხვედრა გამართა.  შეხვედრის დროს საუბარი შეეხო სამინისტროსა და „Microsoft“-ს შორის თანამშრომლობის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტს, რომელიც შემოდგომიდან განხორციელდება და საშუალო და უმაღლესი განათლების მიმართულებით  ხელმისაწვდომი გახდება.

 

 „განათლების რეფორმის ფარგლებში, ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ტექნოლოგიების განვითარება და ხელოვნური ინტელექტის განათლების კომპონენტად შემოტანა. დღეისათვის დიდი კომპანიები ქართულ ენისთვის „ჩაკეტილია“ - სწორედ ამიტომ, ხელოვნური ინტელექტის პროექტის განვითარებისთვის დავიწყეთ აქტიური მუშაობა მაიკროსოფტთან. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე ქართული ენა ინტეგრირდეს „Microsoft“-ის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებზე. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ საქართველოში განათლების სისტემაში  გამოვიყენოთ და დავნერგოთ ხელოვნური ინტელექტი, როგორც ერთ-ერთი ძლიერი და მნიშვნელოვანი პლატფორმა“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

 

ქართული ენის „Microsoft“-ის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებზე ინტეგრირება სასწავლო პროცესში  თანამედროვე ტექნოლოგიების მეტად დანერგვას შეუწყობს ხელს და  ქართველ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს XXI საუკუნის გამოწვევებისთვის საჭირო ცოდნით შეაიარაღებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner