ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
„გრუს ბებერი გენერლის“ მოგონებათა „სკივრიდან“
****
ერთი ისტორია გამახსენდა, რომელიც ლეგენდად(!) გადმოგვეცემა - მოგვყვება თაობებს...
ჭკუის სასწავლებელია, გასააზრებელი!..
(როგორც შემორჩა მეხსიერებას, ისე ვყვები):
1924 წლის აჯანყების სისხლიანი ჩახშობის შემდეგ, „ჩეკამ“ რეპრესიები გააძლიერა. უამრავ ოჯახს შეეხო ეს უბედურება. რა თქმა უნდა, საზოგადოება დაიზაფრა.
არაერთი პატრიოტი ცდილობდა გამწარებული ოჯახების მორალურ თუ მატერიალურ დახმარება - გამხნევებას. ჩუმად, მალულად, რამეთუ არავის უნდოდა „შარში გახვევა“...
მაგრამ იყვნენ ერთეულები, ვისაც ეყო გამბედაობა და საჯაროდ თუ არ დაგმო, რაღაც ფორმით მაინც გამოხატავდა წუხილს, რეპრესირებულთათვის მხარდაჭერას...
ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგა მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ. მან მონახა პროტესტის გამოხატვის მანამდე უჩვეულო ფორმა: თეთრ ჩოხაში გამოწყობილმა, თეთრ ცხენზე ამხედრებულმა რამდენჯერმე აუარ-ჩამოუარა „ჩეკას“ შენობას, ერთი-ორჯერ არცთუ სასიამოვნო ლექსიკით სავსე შეძახილიც მიაყოლა ამ „დემონსტრაციას“...
უამრავი ხალხი უმალ შეიკრიბა „სეირის“ სანახავად. იყო მხარდაჭერის გაუბედავი შეძახილებიც, მორიდებული ტაშიც, ისევე, როგორც ამ პროტესტის დაგმობის მცდელობებიც...
ერთი სიტყვით, მხედარი წასვლას არ ლამობდა. პირიქით, თანდათან გამომწვევადაც იქცეოდა და ხმამაღალი ანტისამთავრობო მოწოდებებით „ცეცხლზე ნავთს ასხამდა“...
როცა „წარმოდგენამ“ კულმინაციას მიღწია, „ჩეკას“ შენობის აივანზე გამოჩნდა მაშინდელი „პირველი ჩეკისტი“, აჯანყების ჩახშობის მთავარი ორგანიზატორი ლავრენტი ბერია.
მომავალმა „რკინის მარშალმა“ ჯერ რაინდ გამსახურდიას შეუძახა:
- კოწია, ძალიან კი გინდა დაგაპატიმრო და ცოტნე დადიანის მანტია მოისხა, მაგრამ... რომ გასკდე და გაიხიო უკანალზე, არ დაგიჭერ და არ გადაგაქცევ წამებულ ეროვნულ გმირად!
შემდეგ კი მაყურებლებს დაუცაცხანა:
- თქვენ რა, სხვა სასეირო ადგილი ვერ მონახეთო, თუ ყველანი ჩაგაყუდოთ ახლა დილეგშიო და...
„სპექტაკლი“ უმალ დამთავრდა. სამაგიეროდ ეს ისტორია, თითქმის ასი წლის შემდეგ დღესაც ცოცხლობს ხალხის მეხსიერებაში.
... ეჰ, საქართველოს როგორ აკლია:
- თანამედროვე ცოტნე დადიანები...
- კონსტანტინე გამსახურდიები...
- ჭკვიანი პროკურორებიც...
- განათლებული და ხალხის სამსახურში გულწრფელად მყოფი დეპუტატებიც...
- თავმდაბალი და უანგარო მინისტრებიც...
- და, რა თქმა უნდა, გონიერი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე. მაღალი პოლიტიკური კულტურის მქონე, ოჯახში აღზრდილი... ოპოზიციონერები!
(ჟურნალისტებზე, ტელევარსკვლავებზე და „პუნლიცისტკებზე“ სხვა დროს)...