საქართველოს აგრარული სექტორის პოტენციალი და სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაცია CNFA-ის წარმომადგენლებთან გამართა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში CNFA-ს 10 წლიანი მოღვაწეობის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ CNFA-მ საქართველოში განახორციელა რვა პროექტი, რომელთაგან სამი ამჟამადაც მიმდინარეობს. USAID-ისა და MCC-ის მეშვეობით და საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობით, აშშ-ის მთავრობა აღნიშნული პროექტებით დაეხმარა 430-ზე მეტ აგროსაწარმოს, შეიქმნა 3500-ზე მეტი სამუშაო ადგილი, შესაბამისი სწავლება გაიარა 140,000-ზე მეტმა პირმა. შედეგად, ქართული საწარმოების გაყიდვების მოცულობამ შეადგინა 51 მილიონი აშშ დოლარი.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს. ითქვა, რომ CNFA კვლავ აგრძელებს საქმიანობას საქართველოში და გამოითქვა ურთიერთობების გაღრმავების იმედი.
გიორგი კვირიკაშვილმა CNFA-ის დირექტორთა საბჭოს წევრს, CNFA-ის დამფუძნებელს, ჯონ კოსტელოს მიულოცა „ოქროს საწმისის" ორდენის მიღება და მადლობა გადაუხადა მას საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სექტორის მხარდაჭერისთვის.
„ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მას აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა საქართველოს მომავალსა და ეკონომიკასთან დაკავშირებით. მას აქვს ხედვა საქართველოს კერძო სექტორის განვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გასული ათი წლის მსგავსად, დავრჩებით პარტნიორებად აქ, საქართველოში და გავარღმავებთ ამ თანამშრომლობას," - განაცხადა შეხვდერის დასრულების შემდეგ CNFA-ს დირექტორთა საბჭოს წევრმა ჯონ კოსტელომ.
შეხვედრას დაესწრო CNFA-ის დირექტორთა საბჭოს წევრი, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ყოფილი მდივანი მაიკლ ესპი. მისი თქმით, საქართველოს აქვს პოტენციალი, განავითაროს სოფლის მეურნეობა, დაიცვას ტრადიციები და შექმნას ახალი მიმართულებები აგრარულ სექტორში.
„ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში. უნდა გითხრათ, რომ ამ ქვეყანამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა - ესაა სახელმწიფო, რომელიც ტრადიციების დაცვასთან ერთად, ახერხებს მომავალზე კონცენტრირებას. ამ ეტაპზე, ისევე როგორც ტრადიციები, საქართველოს მომავალიც ძალიან ნათელია. თქვენ მოახერხეთ საბჭოთა წარსულთან დაშორება და სამეწარმეო საქმიანობაში ჩართვა. ესაა ის საკითხი, რომლითაც ჩვენი ორგანიზაციაა დაკავშირებული - სასოფლო-სამეურნეო დარგში ახალი მიმართულებების კულტივირება, რათა მოახდინოს არსებული პოტენციალის წახალისება და კერძო სექტორის დახმარება. ეს უკავშირდება პროექტებს, რომელთა ნაწილი მთავრობის მიერ ფინანსება. ესაა ნაცადი და წარმატებული მოდელი, რომლის გამეორებასაც საქართველოშიც ვცდილობთ," - აღნიშნა მაკლ ესპიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ CNFA-ს დირექტორთა საბჭოს წევრები, მათ შორის: ჯონ კოსტელო, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ყოფილი მდივანი მაიკლ ესპი, საქართველოს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე; CNFA-ს პრეზიდენტი სილვან როი; საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია.