logo_geo
eng_logo
ჭიათურაში სახალხო დღესასწაული - „თემობა“ მეშვიდედ გაიმართება
- +

10 აგვისტო. 2019. 11:38

 

 

 

„ჯორჯიან მანგანეზის" ორგანიზებით, ჭიათურაში სახალხო დღესასწაული - „თემობა“, წელს, მეშვიდედ აღინიშნება.

 

„თემობის“ დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის მალხაზ ბიწაძის თქმით, ღონისძიება სათემოს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება და, სპორტულ შეჯიბრებებთან ერთად, პოეზიის საღამოს და თვითშემოქმედებითი ნიჭის კონცერტს უმასპინძლებს.

 

„გალა- კონცერტი, შარშანდელთან შედარებით, წელს, უფრო მრავალფეროვანი იქნება, 8 მომღერალი მიიღებს მონაწილეობას. გალა-კონცერტს დახურავს ტატო გოდერძიშვილი და ანსამბლი „ხარება“.

 

პროგრამაში ასევე შევიტანეთ სხვადასხვა ინტერპრეტაცია, 3-7 აგვისტოს ჩათვლით თემობის კვირეული გაიმართა, საბავშვო-გასართობი შოუპროგრამები ჭიათურის რაიონის 9 სოფელში ჩატარდა. ადგილზე გაიმართა სახალისო თოჯინური სპექტაკლები იმ პატარა 2-3 წლის მაყურებლებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ თემობაზე მოსვლას.

 

ხსენებულ 9 სოფელში იმიტომ დავდივართ, რომ აქ დაარსდა „თემობა“ და დღესაც ეს სოფლებია თემობის ძირითადი რგოლი, თორემ დღესასწაულზე ნებისმიერს შეუძლია დასწრება.

 

აღსანიშნავია, რომ სპორტულ აქტივობებს ჭიდაობა დაემატა, შარშან მხოლოდ ერთი საპრიზო კატეგორია იყო, წელს 5 იქნება.

 

საინტერესო ღონისძიებები გაიმართება თვალუეთის სტადიონზე - პოეზიის საღამოში ადგილობრივი სახალხო მთქმელები, პოეტები მიიღებენ მონაწილეობას, რასაც მოჰყვება თვითშემოქმედებითი ნიჭის კონცერტი. ორი საათის განმავლობაში სცენა თავისუფალი იქნება, ნებისმიერ მსურველს შეეძლება, ავიდეს, იცეკვოს, ლექსი თქვას, იმღეროს... მათ წასახალისებლად ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ“, - აცხადება მალხაზ ბიწაძე.

 

ღონისძიებების განრიგი:

 

სათემოს მიმდებარე ტერიტორია

 

12:00 საათი – დოღი, პირველი ადგილი (300 ლარი);

13:00 საათი – ჭიდაობა (II კატეგორია, დიდები და პატარები, I ადგილები - ჯილდოდ 300 ლარი);

15:00 საათი – სოფლებს შორის ბაგირის გადაზიდვა (I-ლი ადგილი - 300 ლარი).

 

სოფელ თვალუეთის სტადიონი

 

17:00 საათი - პოეზიის საღამო;

18:00 საათი - თვითშემოქმედებითი ნიჭის კონცერტი, სცენა დაეთმობა ნებისმიერ მსურველს.

20:00 - გალა-კონცერტი ქართული ესტრადის ვარსკვლავებთან ერთად;

23:00 საათი - ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოება და ფეიერვერკი.

გალა-კონცერტის მონაწილეები: თემურ წიკლაური, ნინი შერმადინი, დავით არჩვაძე, ტატო გოდერძიშვილი, პაატა თედიაშვილი, მაკა ქაჯაია, ანსამბლი „ხარება“...

ღონისძიების წამყვანია ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე.

 

ღონისძიების გენერალური სპონსორია „ჯორჯიან მანგანეზი“, მხარდამჭერები -ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია და მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო.

 

„თემობის" ისტორიიდან:

 

ჭიათურაში უძველესი სახალხო დღესასწაული "თემობა" მე-19 საუკუნიდან აღინიშნება. ტრადიციის მიხედვით, დღესასწაულზე როგორც ჭიათურის, ისე სხვა რაიონების თავკაცები იკრიბებოდნენ და თავს სხვადასხვა სანახაობით იქცევდნენ, მათ შორის: დოღით, ჭიდაობით, მკლავჭიდით...

აქვე წყდებოდა რაიონის და მისი სოფლების უმნიშვნელოვანესი საკითხები, რაც მმართველობას და მასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს უკავშირდებოდა, საფუძველი ედებოდა ახალი ურთიერთობების დამყარებას და სხვა.

 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დღესასწაული მივიწყებას მიეცა, მაგრამ 2013 წელს, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით, ასევე სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების დახმარებით აღდგა და ის ტრადიციულად ყოველ წელს იმართება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner