თბილისის საქალაქო სასამართლო „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს, 20:00 საათზე იმსჯელებს. სხდომას მოსამართლე გიორგი კერატიშვილი წარუძღვება.
გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ნიკა გვარამიას საქმეზე აღკვეთის ღონის შეფარდებაზე შუამდგომლობით დღეს მიმართა. უწყებაში არ აკონკრეტებენ, აღკვეთის ღონისძების რომელ სახეს - პატიმრობას თუ გირაოს - მოითხოვენ გვარამიასთვის.
შეგახსენებთ, „რუსთავი2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, „გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.