გუშინ ყველა გამოცემა ატრიალებდა ნიუსს: პაპუნა უგრეხელიძე სექსუალურ შევიწროებაში უდანაშაულოდ სცნეს!
ხოდა, არ იყო ეგრე ეგ ამბავი!
უდანაშაულოდ სცნეს - როგორ, უჩივლა ვინმემ?
აბა?
ვინმე ცდილობდა სასამართლოს გზით იმის დამტკიცებას, რომ უგრეხელიძემ სექსუალურად შეავიწროვა და მოსამართლემ უდანაშაულოდ სცნო?
ბიჭო, პაპუნა უგრეხელიძე კი არ სცნეს უდანაშაულოდ, ეკა მესხიძე სცნეს დამნაშავედ!
ეს უგრეხელიძემ უჩივლა ღირსების შელახვისთვის და სასამართლომ დაადგინა, რომ მესხიძემ ის ტელევიზიები უნდა ჩამოასკინკილოს, სადაც უგრეხელიძე ლანძღა და თქვას, რომ მოიტყუა!
მოსარჩელე ხარ, თუ მოპასუხე - არ არის განსხვავება?
შენ უჩივი, თუ შენ გიჩივიან - არც მანდ?
თანამდებობიდან წასვლის და ამ ისტორიის მინავლების შემდეგ, რომ სასამართლოში წახვალ და იჩივლებ, იმიტომ რომ სიმართლეში ხარ დარწმუნებული და მხარე, რომელიც ორი წელი ემზადებოდა შენს დასადანაშაულებლად - იქეთ აღმოჩნდება დამნაშავე - არც ეს ნიშნავს რამეს, ვითომ?
სხვა საქმეა, რამდენად დაუთმობენ ტელევიზიები უფასოდ ეთერს, ამჯერად, მესხიძეს!
მესხიძის ადვოკატმა ჯერ იმას ვნახავ, როგორ დაასაბუთა გადაწყვეტილება მოსამართლემო და როგორ დაასაბუთებდა?
კანონის შესაბამისი მუხლით ხომ არა, შემთხვევით?
იმის იმედად ვართ, რომ კანონის მუხლები შეეშლებათ?
კაი!
მესხიძის მხარემ - განა პაპუნა სექსუალურ ძალადობაში უდანაშაულოდ სცნესო, ამაზე არც ყოფილა საუბარიო, აი, უბრალოდო, ისეო, სხვათა შორისო, იმ განცხადებების უარყოფა დაგვავალეს, რომელ განცხადებებსაც მესხიძე აკეთებდაო!
ადამიანო, ჯერ ერთი, გავიმეორებ, პაპუნა კი არ სცნეს უდანაშაულოდ, მესხიძე სცნეს დამნაშავედ, მეორე - რა განცხადებებიც გააკეთა, იმის უარყოფა ითხოვა, აბა, რაც არ უთქვამს, იმის უარყოფას როგორ მოსთხოვდა?
თუმცა, მართალი ხართ, არ კეთდებოდა სექსუალურ შევიწროებაზე განცხადება, კარგად მახსოვს მესხიძის ჩართვა, როგორ უხსნიდა ჟურნალისტს, რომ ეს იყო სქესის ნიშნით ძალადობა და არა სექსუალური, ეს ახლა გინდათ საქმისთვის ახალი ელფერის მიცემა?
რომელმა მოიფიქრა, ნეტავი, ცოლმა, ქმარმა, თუ მეზობლებიც მარაქაშია გარეული?
მესხიძე ინტერვიუში იმასაც ამბობდა, განა ვინც მოსწონდაო, ვინც არ მოწონდა, მათაც ავიწროვებდა და კაცებსაც ავიწროვებდაო! - პრინციპში, სექსუალური კი არა, სქესის ნიშნით ძალადობაც გამორიცხა ამ ფრაზით და რჩება ერთი - მკაცრი უფროსი.
გეჩივლათ ამ კუთხით, მოგეთხოვათ უფროსი, რომელიც თქვენს ჭკუაზე ივლიდა.
ნანუაშვილის დასკვნას დავდებთო!
აუ, დადეთ რა!
მე წაკითხული მაქვს ეს დასკვნა, შენახულიც მაქვს. კი გამქრალა ახლა ინტერნეტიდან, მაგრამ - მე ისედაც არ ვენდობი ინტერნეტს და აჰა!
დადეთ რა, ზუსტად მაგ დასკვნის წაკითხვის შემდეგ მივხვდი რა ხდებოდა, თორემ, როდის იყო საჯარო მოხელეს ვიცავდი!
დადეთ რა, ყველამ ერთად ვნახოთ, ლამის ერთი წლის მესიჯების ამოღებით - რამდენი და როგორი „სამხილი“ იპოვნა ნანუაშვილმა!
დადეთ რა, იქნებ, ნანუაშვილის ყველა დასკვნის გადახედვა მოითხოვოს უგრეხელიძემ და უჰ, რამდენ რამეს ვნახავთ...
სახალხო დამცველის დასკვნა ხელშეუხებელიაო!
არ შეეხოთ, გენაცვალე, მაგრამ - ცოტა ხნის წინ პატიმარმა რომ მუცელში მაკრატელი გაიყარა, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელმა გამომიცხადა, არ ვიცი, მაქვს თუ არა მოყოლის უფლება, რა მდგომარეობაშია პატიმარიო!
განა ამბავი ატეხა!
განა აქეთ დაგვირეკა!
დავურეკე და მოყოლა არ უნდოდა!
როცა პენიტენციალურის პიარმა, იგივე პატიმარზე ტყუილი დაწერა სოციალურ ქსელში, დაამზადა და მიაწოდა დასკვნა სახალხო დამცველის აპარატმა პენიტენციალურს?
არა?
რატომ?
ყველა ადამიანი უფლების დაცვა არ ევალებათ?
ისიც შენახული მაქვს, სახალხო დამცველმა რომ დასკვნა ჟურნალისტებს მიაწოდა და იმ წერილში რამდენჯერმეა გაპარული მესხიძის გვარი - ანუ, სახალხო დამცველმა, ქალი, რომელსაც იცავდა, ჩაუშვა?
ჩაუშვა და მერე, რამდენიმე თვის მერე რომ ახსენა უგრეხელიძემ, უგრეხელიძეს გადააბრალა?
ტაში!
ნანუაშვილი ინტერვიუში ამბობს, მართალია უგრეხელიძემ მესხიძეს ახალი სამსახურის დაწყებაში ხელი შეუწყო, მაგრამ ეს საქმეს არ ცვლისო და მესხიძემ პარალელურად ინტერვიუ მისცა: - ახალი სამსახურის დაწყებაში ხელს მიშლიდა უგრეხელიძეო - და ამ ადამიანების საუბრის შედეგად დაწერილი დასკვნა უნდა დადოთ? ერთმანეთის ინტერვიუებშიც რომ ვერ ათანხმებენ ისტორიებს, რომლის საფუძველზეც დასკვნა დაიწერა, ის დასკვნა გინდათ დადოთ?
დადეთ რა...
ისედაც ეჭვი მღრღნის, რატომ გააქრეთ ინტერნეტიდან, რამის ჩამატებას გეგმავთ დასკვნაში, თუ იმის დამალვა გინდათ, ჟურნალისტთან რომ თქვენი დასაცავი ქალის ვინაობა დაფქვით!
ნანუაშვილის დასკვნა, მესხიძის ქმარი რომ უგრეხელიძეს უჩივის, იმ პროცესზე გამოგვადგებაო, ამბობდნენ მესხიძის ადვოკატები ეთერში და ახლა ეს სასამართლო გადაწყვეტილება სულ მთლად დააკვდება ქმრის პროცესს, ხო?
სამსახურში აღდგენა კი არა, ღირსება აღედგინა ჯერ ქმარს, ცოლის ღირსება თუ შეელახა, მისი ღირსება უცვლელია?
სასამართლოში სიარული ეზარებაო, ვერ ვიტყვით, მშვენივრად იჩივლა სამსახურის გამო!
არ ყოფილა, გამოდის, ღირსება მთავარი!
და უგრეხელიძე სამსახურიდანაც უსიტყვოდ წავიდა და მაინც, სასამართლოს გზით, ღირსების აღდგენას თვეები მოანდომა!
კმაყოფილი ვარ, თუ არა?
ამ ყოფილი საჯარო მოხელით - ფრიად!
დანარჩენი, ჟურნალისტები მოსარჩელეს და მოპასუხეს ვერ ვარჩევთ! ნიუსს ვერ ვწერთ სწორად!
ადვოკატები სქესის ნიშნით ძალადობიდან ისე გადადიან სექსუალურზე - გეგონება, ან დასკვნა შეიცვალა, ან ის ინტერვიუები გაქრა.
სახალხო დამცველის აპარატის ყველა დასკვნა გადასახედია, მხოლოდ ნანუაშვილის დროინდელი კი არა - ყველა და დამთავრდეს ეს - სახალხო დამცველის დასკვნების ხელშეუხებლობა!
საზოგადოებრივი საბჭო შედგეს და განვიხილოთ ყველა დასკვნა!
და ხო, ის ხუთი ტელევიზია ცოტაა!
მომავლისთვის კი, რაკი მოდაში შემოვიდა, სექსუალური და სქესის ნიშნით ადამიანების დადანაშაულება - ზუსტად განვსაზღვროთ, რას ვგულისხმობთ, თორემ, თუ მოფერებითი სახელის დაძახება დანაშაულია, რასაც ჩვენ, ქალები, კაცებს მოფერებით სახელებს ვეძახით, ყველა მეორე კაცს შეეძლება სიტყვიერ გაუპატიურებაში დაგვადანაშაულოს!
და ბოლოს, რეალურ ძალადობებზე რომ მეტი დრო დახარჯოთ, ამდენი გარდაცვლილი ბავშვი და დედა არ გვეყოლებოდა!
მაგრამ - მერე ცნობილ ადამიანებზე დასკვნობანათი ვინ ითამაშოსო, ვინაო?!
თამო კეშელავა