„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა თუ რა სამართლებრივი პროცედურები მოსდევს იმ შემთხვევას, თუ შეფარდებული გირაოს გადახდაზე ბრალდებული უარს ამბობს. იურიდიული კომპანიის GS & Barristers -ის დამფუძნებელი, ადვოკატი გიორგი სიბაშვილი განმარტავს, რომ გირაოს ვადის გასვლის შემდეგ, პროკურატურა სასამართლოსგან აღკვეთის ღონისძიების შეცვლას - პატიმრობას ან ბრალდებულის გირაოს გარეშე დატოვებას მოითხოვს.
„თუ სასამართლო ბრალდებულს გირაოს შეუფარდებს და ბრალდებული გირაოს პირობებს არ შეასრულებს, გავა კონკრეტული ვადა და არ გადაიხდის, პროცესუალურად ამის შემდეგ, პროკურატურა სასამართლოში ახალი შუამდგომლობით - აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ გირაოს პირობების დარღვევის გამო შედის.
როგორც წესი, გირაოს პირობების დარღვევის შემდეგ, პროკურატურა ითხოვს პატიმრობას ან გირაოს გარეშე დატოვებას. ეს მტკიცებულებებზეა დამოკიდებული.
გირაოს შეფარდება არის აღკვეთის ღონისძიება, რათა პირი არ მიიმალოს, მოწმეებზე ზეგავლენა არ მოახდინოს და მტკიცებულებები არ გაანადგუროს. სასამართლო არ იკვლევს კონკრეტულმა პირმა ჩაიდინა თუ არა დანაშაული. არსებობს ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები - ფაქტობრივი საფუძვლები არის ის, რომ შესაძლოა საქმეში დანაშაულის ნიშნები არსებობდეს. ხოლო ფორმალური საფუძვლები არის ის, რომ პირი არ მიიმალოს და მტკიცებულებები არ გააყალბოს“, - განმარტავს გიორგი სიბაშვილი.