ავტორი ანა ფერაძე
სოსო ცინცაძე თამარ სანიკიძის განათლების მინისტრის პოსტიდან გათავისუფლებას გამოეხმაურა. „რეპორტიორთან" საუბრისას ცინცაძემ აღნიშნა, რომ სანიკიძის მუშაობა განათლების და მეცნიერების ნგრევა იყო და ახალ მინისტრს კატასტროფული მემკვიდრეობა დარჩა.
„თამარ სანიკიძის მოღვაწეობას ვერ შევაფასებ, ეს უფრო ნგრევა იყო განათლების, განსაკუთრებით მეცნიერების.
სანიკიძე ლომაიას ერთგული და ეფექტური თანამოაზრე, მისი საქმის გამგრძელებელი იყო.
მე არ მესმის, არჩევნების პერიოდი რომ არ იყოს ახლა, თამარ სანიკიძე ისევ იქნებოდა მინისტრი? და ორი წელი ისევ უნდა ენგრია განათლება და მეცნიერება?
ახალ მინისტრს არ ვიცნობ, თუმცა კარგი იქნებოდა, განათლების მინისტრად რომელიმე ჩამოყალიბებული მეცნიერი მენახა.
ერთს ვიტყვი, რომ ჯეჯელავამ კატასტროფული მემკვიდრეობა მიიღო. მითუმეტეს, როცა ოქტომბერში არჩევნებია. წინასაარჩევნოდ ახალ მინისტრს არავინ მისცემს უფლებას, არაპოპულარული ღონისძიებები გაატაროს.
დემოკრატიულ ქვეყნებში წინასაარჩევნოდ ყველა ერიდება საკადრო ცვლილებას, თუმცა თამარ სანიკიძე იმდენად არაპოპულარული კადრი იყო, ალბათ, აუცილებელი გახდა მისი ჩანაცვლება", - ამბობს სოსო ცინცაძე.