logo_geo
eng_logo
სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპულ ქართველ მეომართა მემორიალი გვირგვინით შეამკეს
- +

11 აგვისტო. 2019. 20:27

 

დღეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, მოადგილეები: მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია, ‘’საქართველოს გენერალთა კლუბის’’ აღმასრულებელი დირექტორი, თეიმურაზ ლორია, უწყების წარმომადგენლები შინდისში იმყოფებოდნენ და 11 წლის წინ, რუსეთ-საქართველოს ომში, სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპულ ქართველ მეომართა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და საქართველოსთვის ბრძოლის ველზე დაცემულ გმირებს პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.

 

„დღეს ჩვენ აქ მოვედით, რათა ქედი მოვიხაროთ ამ ბიჭების წინაშე, რომელთაც თავიანთი გმირობით, საქართველოს უახლესი ისტორიის კიდევ ერთი, გმირული ფურცელი ჩაწერეს. ეს ვაჟკაცები ჩვენი გმირი წინაპრების სულიერი მემკვიდრეები არიან!  დღეს სიამაყისა და სინანულის განცდა ერთნაირად გვეუფლება - სინანულის, რადგან ალბათ, ყველას გვერჩივნა, სამშობლოს ეს თავდადებული ჯარისკაცები ერთიან, ძლიერ საქართველოს მოსწრებოდნენ, რისთვისაც უდრტვინველად დადეს სიცოცხლე! სიამაყისა, რადგან ჩვენს პატარა ქვეყანას, მთელი არსებობის მანძილზე, ყოველთვის თავისზე გაცილებით დიდ და ძლიერ მტერთან უხდებოდა არსებობისთვის ბრძოლა და ამ ბრძოლაში უკან არასოდეს დაუხევია - პირიქით, მტერსაც კი აოცებდა და ახრევინებდა ქედს ჩვენი ვაჟკაცი მებრძოლების შეუდრეკელი სული! სწორედ ასეთმა შეუდრეკელმა სულმა მოგვიყვანა აქამდე... ერს, რომელსაც ასეთი შვილები ყავს, ყველა გამოწვევას გაუძლებს! მას ვერც ერთი ოკუპანტი ვერ დააჩოქებს! ასეთი ერი მარადიულია და მას გადაშენება არ უწერია!“, - განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ, მირონ ჩიგოგიძემ.

 

შეგახსენებთ, შინდისის ბრძოლა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდია. 11 აგვისტოს, სოფელ შინდისის სარკინიგზო სადგურთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული რუსულ მოტომსროლელ ასეულთან, რომელიც სადგურის ახლოს იყო ჩასაფრებული, უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. ბრძოლამ, დაახლოებით, ერთ საათამდე გასტანა, რომლის განმავლობაში, მოწინააღმდეგემ დახმარება ორჯერ გამოიძახა. მტერი, ქართველი ჯარისკაცების მიმართულებით, თითქმის ყველა იარაღიდან ისროდა, მათ შორის, ტანკებიდან და რეაქტიული ცეცხლმტყორცნებიდან.

17-მა ქართველმა მებრძოლმა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლა და გმირულად დაიღუპა. 2008 წლის 11 აგვისტოს შემდეგ, შინდისში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის ადგილი, გმირთა მემორიალად იქცა.

 

შინდისის გმირები: ალექსანდრე ონიანი, რომან ზოიძე, თეიმურაზ ბერიძე, ემზარ წილოსანი, რუსლან წულაძე, მიხეილ დვალიშვილი, ირაკლი ჯანელიძე, ფელიქს კაკაურიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, ვეფხია ჯიშკარიანი, შმაგი (ბაჩო) კუპატაძე, მარლენ ბარამია, ნიკოლოზ ფორჩხიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ზვიად კაცაძე.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner