logo_geo
eng_logo
„ჯორჯიან მანგანეზის“ ორგანიზებით, ჭიათურაში სახალხო დღესასწაული - „თემობა“ მეშვიდედ გაიმართა
- +

13 აგვისტო. 2019. 12:15

 

„ჯორჯიან მანგანეზის" მხარდაჭერით, ჭიათურაში სახალხო დღესასწაული - „თემობა“, წელს, მეშვიდედ აღინიშნა. ღონისძიება სათემოს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა და, სპორტულ შეჯიბრებებთან ერთად, პოეზიის საღამოს და თვითშემოქმედებითი ნიჭის კონცერტს უმასპინძლა.

 

სპორტულ აქტივობებს შორის წელს 5 კატეგორიაში იასპარეზეს მოჭიდავეებმა. გაიმართა დოღი და სოფლებს შორის ბაგირის გადაზიდვა. საინტერესო ღონისძიებებს უმასპინძლა თვალუეთის სტადიონმა - პოეზიის საღამოში ადგილობრივმა სახალხო მთქმელებმა, პოეტებმა მიიღეს მონაწილეობა, რასაც მოჰყვება თვითშემოქმედებითი ნიჭის კონცერტი.

 

„თემობის“ დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის მალხაზ ბიწაძის თქმით, ორი საათის განმავლობაში სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ადგილობრივი სახალხო მთქმელები, მომღერლები თუ მოცეკვავეები. მათ ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. „გალა- კონცერტი, შარშანდელთან შედარებით, წელს, მომღერლების მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. გალა-კონცერტი დახურა ტატო გოდერძიშვილმა და ანსამბლმა „ხარებამ“. პროგრამაში ასევე, შევიტანეთ სხვადასხვა ინტერპრეტაცია - „თემობამდე“ რამდენიმე დღით ადრე „თემობის“ კვირეული გაიმართა, საბავშვო-გასართობი შოუპროგრამები ჭიათურის რაიონის 9 სოფელში ჩატარდა. ადგილზე გაიმართა სახალისო თოჯინური სპექტაკლები იმ პატარა 2-3 წლის მაყურებლებისთვის, რომლებმაც ვერ მოახერხეს „თემობაზე“ მოსვლა.

 

ხსენებულ 9 სოფელში დაარსდა „თემობა“ და დღესაც ეს სოფლებია „თემობის“ ძირითადი რგოლი, თუმცა, დღესასწაული ყველასთვისაა“, - აცხადებს მალხაზ ბიწაძე.

 

გალა-კონცერტში ესტრადის მომღერლები - თემურ წიკლაური, ნინი შერმადინი, დავით არჩვაძე, ტატო გოდერძიშვილი, პაატა თედიაშვილი, მაკა ქაჯაია, ნეკა სებისკვერაძე, ანსამბლი „ხარება“ მონაწილეობდნენ. ღონისძიებას უძღვებოდა ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე. ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოებას ფეიერვერკი მოჰყვა.

 

ღონისძიების გენერალური სპონსორი იყო „ჯორჯიან მანგანეზი“, მხარდამჭერები -ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია და მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო.

 

„კმაყოფილი ვარ დღესასწაულით. დავესწარი დოღს, გამორჩეული სანახაობა იყო ჭიდაობა, რომელიც საქართველოს განუყოფელი ნაწილია და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არასოდეს მოკვდება ეს სპორტი სამყაროში, სანამ საქართველო იარსებებს. სამი ბიჭის მამა ვარ. სოფელ თვალუეთის მკვიდრი, ბიწაძის გოგო მყავს ცოლად. კარგად ერთობიან ბავშვები. ჩემი მინუსია ის, რომ მხოლოდ გუშინ გავიგე, თურმე ასეთი დღესასწაული ჰქონია სოფელს და ბედნიერი ვარ. ღვთის წინაშე ვფიცავ, გაოგნებული ვარ. ბევრ სოფელში ვყოფილვარ, რომელსაც თავისი ტრადიციული დღესასწაული აქვს, ასეთი ბედნიერი არსად ვყოფილვარ. მინდა, მოვუწოდო ერს, ასეთი დღესასწაულების დროს, მთელი ერი დაირაზმოს და ჩავიდეს იმ სოფელში, რომ კიდევ უფრო მეტი განვითარება, მეტი წინსვლა ჰქონდეთ. აღარ მიატოვონ ადამიანებმა სოფლები. ამით გადავარჩენთ არა მხოლოდ ჩვენს სოფლებს - მთლიანად ერს“, - განაცხადა ზაზა კაკუშაძემ.

 

საღამოზე არაერთხელ აღინიშნა, რომ „თემობის“ დღესასწაულის აღდგენაში დიდი როლი მიუძღვის კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“, რომელმაც აღადგინა და დაამკვიდრა თემობის დღესასწაული და რომელიც არის მისი გენერალური სპონსორი.

 

„თემობის“ ისტორიიდან: ჭიათურაში უძველესი სახალხო დღესასწაული „თემობა“ მე-19 საუკუნიდან აღინიშნება. ტრადიციის მიხედვით, დღესასწაულზე როგორც ჭიათურის, ისე სხვა რაიონების თავკაცები იკრიბებოდნენ და თავს სხვადასხვა სანახაობით იქცევდნენ, მათ შორის: დოღით, ჭიდაობით, მკლავჭიდით... აქვე წყდებოდა რაიონის და მისი სოფლების უმნიშვნელოვანესი საკითხები, რაც მმართველობას და მასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს უკავშირდებოდა, საფუძველი ედებოდა ახალი ურთიერთობების დამყარებას და სხვა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დღესასწაული მივიწყებას მიეცა, მაგრამ 2013 წელს, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით, ასევე, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების დახმარებით აღდგა და ის ტრადიციულად ყოველ წელს იმართება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner