ქართველმა კადეტმა, რიგითმა სანდრო გულუამ აშშ-ის საჰაერო ძალების აკადემია დაამთავრა. 812 კურსდამთავრებულის გამოსაშვები ცერემონიალი კოლორადოს შტატში, ქალაქ კოლორადო სფრინგსის საჰაერო ძალების სტადიონზე გაიმართა.
ღონისძიებას აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დაესწრო. მან ახალგაზრდა სამხედრო მფრინავებს დიპლომები გადასცა და წარმატებული კარიერა უსურვა. სიტყვით მიმართვისას ბარაკ ობამამ ახალგაზრდებს შვიდწლიანი პრეზიდენტობის განმავლობაში მიღებული გამოცდილება გაუზიარა და აღნიშნა: „როდესაც ინვესტიციას ვდებთ განათლებასა და შესაძლებლობების განვითარებაში მსოფლიოს მასშტაბით, კონფლიქტები და სამხედრო ინტერვენცია სულ უფრო ნაკლებად საჭირო ხდება".
დაჯილდოების ცერემონიალს საქართველოს სამხედრო ატაშე აშშ-ში, პოლკოვნიკი ვეფხვია ჩალაბაშვილი დაესწრო. რიგითი სანდრო გულუა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 2012 წელს ჩაირიცხა. შესაბამისი კონკურსის გავლის შემდეგ, იმავე წელს, აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო აკადემიაში გააგრძელა სწავლა. სანდრო გულუა საქართველოში 18 ივნისს დაბრუნდება და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში პროფესიული მოვალეობის შესრულებას შეუდგება.