ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დ.კ. დამნაშავედ ცნო.
„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 14 ნოემბერს, ზესტაფონში, ერთ-ერთი შპს-ს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების სადგომის ტერიტორიაზე, საწარმოს კონტროლიორებს - დ.კ.-ს და ბ.ღ.-ს, განაწილებული სადგომების ტერიტორიების საზღვრებთან დაკავშირებით ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ. აღნიშნულით განაწყენებულმა დ.კ.-მ, შურისძიების მოტივით, ბ.ღ.-ს თავის არეში ხის კეტი რამდენჯერმე ჩაარტყა. მიღებული დაზიანებების შედეგად ბ.ღ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციის თანამშრომლებმა დ.კ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დ.კ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ განუსაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა“, - ნათქვამია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.