საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან სებასტიან კურცთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო ევროპის აღმოსავლეთ კარიბჭეა, რომელიც ევროპის ქვეყნებს აზიასთან აკავშირებს.
ჯანელიძის თქმით, საქართველო ამაყობს იმით, რომ პოლიტიკურ ურთიერთობასთან ერთად, საქართველოსა და ავსტრიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობაც დინამიურად ვითარდება.
„ავსტრია მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს საქართველოში, მაგრამ კაპიტალთან ერთად, ავსტრიულ კომპანიებს საქართველოში ხარისხი და პროფესიონალიზმი შემოაქვთ. საქართველოსთან ურთიერთობით კი მათ სამხრეთ კავკასიასთან, შუა აზიასთან და შორეულ აღმოსავლეთთან კავშირების დამყარების შესაძლებლობა ეძლევათ", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მინისტრმა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მიიღებს უვიზო რეჟიმს, როგორც რეგიონში დემოკრატიული გარდაქმნების ლიდერი ქვეყანა, რომელმაც შეასრულა ყველა ვალდებულება, რაც მას ევროპის საიმედო პარტნიორად აქცევს.
მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ავსტრიის მთავრობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ეუთო-ში ავსტრიის თავმჯდომარეობის პერიოდში, ორ ქვეყანას ევროპული უსაფრთხოების საკითხებზე ერთობლივი მუშაობის შესაძლებლობა მიეცემა, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არა მხოლოდ ერთი ქვეყნის, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის უდიდეს გამოწვევად რჩება".
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ავსტრიას 2016 წლის 1-3 ივნისს ეწვია. ვენაში მან შეხვედრები გამართა ეუთო-ში და ავსტრიის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მინისტრმა ასევე საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა.