logo_geo
eng_logo
პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე პასუხისმგებლობა მკაცრდება
- +

4 ივნისი. 2016. 10:53



პარლამენტმა, მესამე მოსმენით, მხარი დაუჭირა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლითაც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე პასუხისმგებლობა მკაცრდება და შესაბამისი ქმედება მძიმე კატეგორიის დანაშაული ხდება.


პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული პროექტი 80 ხმით მიიღეს.



პროექტის მიხედვით, კოდექსს ახალი მუხლი დაემატა, რომელიც ითვალისწინებს პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფაზე მკაცრი სასჯელების განსაზღვრას.



პროექტის თანახმად, პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარად უზრუნველყოფა დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე.



პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, იქნება დასჯადი თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 8 წლამდე. აღნიშნული ქმედება ჩადენილი ანგარებით, არაერთგზის გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას - თავისუფლების აღკვეთით 6-დან 9 წლამდე.



ამასთან, პროექტის მიხედვით, ზემოთ აღნიშნული ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ამ საიდუმლოს დაცვა ევალებოდა ან რომელმაც აღნიშნული ქმდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩაიდინა - დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 10 წლამდე ვადით.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner