საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დაფინანსებისთვის „Citi“-სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს ბანკსა და „Citi“-ს შორის 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების „Continuing Agreement for Reimbursement of Trade Advances“ (“CARTA”)-ს ფარგლებში შედგა და მხარეებს შორის მესამე წარმატებულ გარიგებას წარმოადგენს. ფინანსური რესურსი ბანკს შესაძლებლობას მისცემს, კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო პროდუქტები შესთავაზოს.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკი თავის ერთგულ პარტნიორთან, Citi -სთან ერთად ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს. ეს ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს, ვაჭრობის დაფინანსების კუთხით ჩვენი პოზიცია კიდევ უფრო განვიმტკიცოთ და ჩვენს მომხმარებლებს მათზე მორგებული ფინანსური რესურსი შევთავაზოთ. მსგავსი დაფინანსება მნიშვნელოვანია როგორც კორპორატიული, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ექსპორტ-იმპორტის ტრანზაქციებში აქტიურად არიან ჩართული. ჩვენი მიზანია, მათთვის საიმედო ფინანსურ პარტნიორად დავრჩეთ“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.