განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს თსუ-ში არსებული ვითარების კომენტირებისას განუცხადა, რომ დარწმუნებულია, უნივერსიტეტი ამ კრიზისიდან ერთიანი და გაძლიერებული, მწყობრი ორგანიზაცია გამოვა.
მისი თქმით, თუ საჭირო იქნება, ის სტუდენტებთან შეხვედრას აუცილებლად დაგეგმავს.
„ვფიქრობ, პირველი, რაც ჩვენ უნდა გავიაზროთ, არის ის, რომ არსებობს ინტერესები და პოზიციები. შეიძლება, ამ ჯგუფების პოზიციები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, მაგრამ მათი ინტერესები არ განსხვავდება. მიუხედავად იმისა, რომელ პოზიციას მიეკუთვნებიან ისინი დღეს, ყველა სტუდენტის ინტერესია, რომ უნივერსიტეტი გახდეს უკეთესი, უკეთ მისცემს სტუდენტებს საშუალებას მმართველობის პროცესში ჩართვის. დარწმუნებული ვარ, რომ რადგან საერთო ინტერესები სახეზეა, რადგან არავინ არ ისახავს მიზნად რაღაც დესტრუქციულს, ჩვენ აუცილებლად შევთანხმდებით. მეც აუცილებლად მივიღებ ამ პროცესში მონაწილეობას, თუმცა მომხრე ვარ იმისა, რომ ასეთი დისკუსიები და აზრთა სხვადასხვაობები პრობლემად კი არა, ჯანსაღ პროცესად მოვნათლოთ, რომელიც უკეთეს შედეგებამდე მიგვიყვანს. დარწმუნებული ვარ, უნივერსიტეტი ამ კრიზისიდან უფრო გაძლიერებული, უფრო ერთიანი და უფრო მწყობრი ორგანიზაცია გამოვა, რომელიც აუცილებლად გვჭირდება.
მთავარია, დადგინდეს ინტერესები და აქცენტები ამაზე გაკეთდეს და არა პოზიციებზე. ჩემთვის ნათელია, რომ სტუდენტების ყველა ჯგუფს უნივერსიტეტისთვის სიკეთე უნდა", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.