ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა რეგიონის ეკონომიკური განვითარების საბჭოს სხდომაზე უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი დარბაზიდან გააძევა, რადგან თავად სამსახურის უფროსმა საბჭოს იმ სხდომის იგნორირება მოახდინა, რომელზეც სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მოქალაქეთა და ბიზნესის წარმომადგენელთა შევიწროების საკითხი განიხილებოდა.
ინტერნეტში აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეოც ვრცელდება, რომელშიც ასახულია სააკაშვილის კატეგორიული მოთხოვნა უშიშროების სამსახურის წარმომადგენლისადმი, დაუყოვნებლივ დატოვოს სხდომათა დარბაზი, რასაც სააკაშვილი რამდენჯერმე იმეორებს.
„ვინ ხართ თქვენ, რომ ჩვენს ბოიკოტირებას ახდენთ?! ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვთ საკუთარ თავზე! ხელშეუხებელი არავინაა! მე გიჩვენებთ კარგ გაკვეთილს!" - მიმართა უშიშროების სამსახურის წარმომადგენელს სააკაშვილმა.