logo_geo
eng_logo
დინა მირცხულავა: მე შეიძლება ისე მოვკვდე, რომ ვეღარ ვნახო...
- +

14 აგვისტო. 2019. 20:32

 

მე შეიძლება ისე მოვკვდე, რომ ვეღარ ვნახო...

მე ბევრი მაქვს მოსაყოლი და ამიტომაც მეპატიება ამ დღეს რომ არ ვტირი, იმიტომ რომ გული მებერება სიამაყით -

რა ჯიშისა ვარ და რა ჯილაგის - მეთქი.

იმდენჯერ დავიჭერ ხოლმე საკუთარ თავში სურვილს იმისას, რომ გულგარეთ ვაკეთო რაღაცეები და არ გამომდის...

იმისთანა ვალი დამადეს სიცოცხლის და სიკვდილისაც...

 

ტყემლის ტოტზე ჩამოკონწიალებული საქანელაა ჩემი აფხაზეთი...

წამოსვლისას დედას დავუსხლტი ხელიდან, საქანელას ფეხი ვკარი და ვიდრე თვალს მივეფარებოდი, ვუყურებდი, როგორ ქანაობდა ცარიელი...

ეს იყო ხუთი წლის ბავშვის (გაუცნობიერებელი) პროტესტი.

მამა დარჩა და გაგრაში იბრძოდა.

დარჩა ბაბუც.

- აფხაზები ძმები არიან და მე არ მესვრიანო ! - ასე გამოგვაცილა.

არ ესროლეს, ყელი გამოსჭრეს და ვიდრე ყელს გამოსჭრიდნენ, ჯერ ერთი ძმა დაამარხვინეს, მეორე - ცოცხლად შეაგდეს ბუხარში.

ბაბუას გენეტიკას ბევრჯერ "შევუწუხებივარ"...

ნახევარი ძმა ჰყავდა დედას, აფხაზების ოჯახში გაზრდილი.

ომი რომ დაიწყო, ასე უთქვამს - მე ვის მხარეს ვიომოო ?!

გული გაუსკდა კაცს და გარდაიცვალა.

ქართლში გადმოცხოვრებულები ვიყავით უკვე და დედაჩემი აფხაზეთის ომში დაკარგული კაცის ცოლს ემალებოდა ხოლმე, სადმე თუ დაინახავდა...

"ჩემს ომში დაიკარგაო ის კაცი" და სცხვენოდა დედას...

ის სირცხვილი მეც გადმომდო დედამ.

ომი დამთავრდა და წვიმიან დღეს დაბრუნდა მამა, ისედაც ჩია კაცი, დაპატარავებული და გასაცოდავებული.

ერთი სიტყვით ახსნა - გაგვყიდესო...

შარშან დღევანდელ დღეს ხელახალი "აფხაზეთი" გაგვითენდა...

მე და ლევანი ძმათა შვილები ვიყავით და ომმა დაგვაშორა.

მას შემდეგ არ მენახა.

მეგობრის გადასარჩენად ცეცხლმოკიდებულ სახლში შევარდა...

ორი გვამი გამოიტანეს.

- არ დამთავრდა ჩვენთვის აფხაზეთის ომიო - მიაკივლა ბებიაჩემმა...

ომის სუნი.

ომის გემო.

სიკვდილის გემო.

სიკვდილის სუნი.

სირცხვილი.

სიამაყე.

პროტესტი.

ყველაფერი რაც მტკივა და მიხარია - ეგაა აფხაზეთი...

მამაჩემს დავესესხები - ჩემი საქართველო, კოჩარაში ჩემი ეზოს ჭიშკრიდან იწყებაო...

იქედან იწყება ჩემიც..

და ვიდრე ვარ, ვიდრე ვსუნთქავ, ვიდრე ენგურს გადაღმა შეწირული ადამიანები მიღიტინებენ, ხომ მეპატიება, ზოგჯერ ხომ მეპატიება, რომ ქედმაღლურად გავიარო ბეჭებში ამაყად გაშლილმა...

არაა ადვილი მაგათი ჯიშ - ჯილაგისა იყო, ღმერთმანი...

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner