ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის, ახალი ხიბულის და საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ.
შეხვედრაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, მაჟორიტარმა დეპუტატმა დაჩი ბერაიამ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგა ბუკიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ ადგილობრივებს იმ პროგრამებზე მიაწოდეს ინფორმაცია რომლებსაც მთავრობა ახორციელებს.
საუბარი ასევე შეეხო სოფლის მეურნეობის პროექტებს, თხილის დაცვის სახელმწიფო პროგრამას და სოფლის მხარდაჭერის პროგრამას. ადგილობრივებმა, ხელისუფლების წარმომადგენლებთან დასვეს მათთვის მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხები, რომელთა შორის პრიორიტეტად შიდა გზების რეაბილიტაცია, გაზიფიცირება, წყალმომარაგება, ამბულატორიების რეაბილიტაცია დასახელდა. გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებისთვის აუცილებელი თანხები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მომავალი წლის ბიუჯეტში.