განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია და ადრე თუ გვიან, აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი.
„ჩვენ რომ ვაპირებდეთ განვითარებულ და აყვავებულ ქვეყანაში, განვითარებადი ქვეყნებიდან ხალხის უვიზოდ შემოშვებას, ჩვენც ძალიან კარგად დავფიქრდებოდით. ამიტომ ელჩების მსჯელობა და განსხვავებული მოსაზრებები, ჩემი აზრით, ბუნებრივია. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ ვიზალიბერალიზაციას. საქართველო არის ევროპის განუყოფელი ნაწილი და შეიძლება ამას დასჭირდეს რამდენიმე თვით მეტი ან ნაკლები, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავხდებით როგორც ვიზალიბერალიზაციის თვალსაზრისით ევროპული ოჯახის წევრი, ასევე სხვა თვალსაზრისით", - განაცხადა ჯეჯელავამ.
რაც შეეხება შიდაპოლიტიკურ პროცესებთან კავშირს, მისი თქმით, ელჩები ყურადღებას ამასაც აქცევენ.
„შიდა პოლიტიკური პროცესები ქვეყნის ცხოვრების ინტეგრალური ნაწილია და, რა თქმა უნდა, ევროკავშირის ელჩებიც და სხვებიც, ამასაც მიაქცევენ ყურადღებას. მითუმეტეს, რომ ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც სამწუხაროდ, საკუთარი პოლიტიკური თუ სხვა ინტერესების გამო, ხანდახან არ ფიქრობს რა იქნება ქვეყნისთვის უკეთესი და შეიძლება ამითი დააზარალოს თუნდაც ვიზალიბერალიზაციის პროცესი ან სხვა რამ. კონკრეტულად არავის არ ვგულისხმობ. ვგულისხმობ იმ ხალხს, ვინც, ასე ვთქვათ, რაღაც ნეგატიურ ინფორმაციას ავრცელებს გადაჭარბებულს, არარეალურს, იმასთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში ხდება", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.