„რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებების ადგილზე გასაცნობად, დღეს, 16 აგვისტოს გუგუტიანთკარში დიპლომატიური კორპუსის ჩასვლა იგეგმება“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა გუშინ განაცხადა.
კონსტანტინიდის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკანონო სამუშაოების დაწყებისთანავე აამოქმედა ყველა ბერკეტი და გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების გამოჩენისთანავე მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას.
„7 აგვისტოსვე გაკეთდა განცხადება და ოფიციალური კომენტარი, გაიმართა პირველი შეხვედრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, შედგა კომუნიკაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან. 8 აგვისტოს ქართულმა მხარემ საკითხი დააყენა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, სადაც საბჭოს წევრმა ქვეყნებმა დაგმეს საოკუპაციო ხაზზე ბორდერიზაციის უკანონო პროცესი და მისი მძიმე შედეგები ადგილობრივი მოსახლეობისთვის. იმავე დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა მკაცრი განცხადება და დაგმო საოკუპაციო ძალების მოქმედებები; იყო გამოხმაურებები სხვა პარტნიორი ქვეყნების მხრიდანაც.
გუშინ სამინისტრომ კვლავ გააკეთა ოფიციალური განცხადება და გამართა შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან. უცხოელ პარტნიორებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია ადგილზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესახებ“,- განაცხადა კონსტანტინიდმა გუშინ.
მისივე თქმით, უწყება ინტენსიურ მუშაობას აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებთან.
„მუდმივ კონტაქტზე ვართ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან, აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რეგულარული კომუნიკაცია გვაქვს უცხოელ პარტნიორებთან და თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, საქართველოს საელჩოებს დავალებული აქვთ საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზება.
საერთაშორისო პარტნიორები, განაგრძობენ ჩვენთან აქტიურ თანამშრომლობას და შესაბამის რეაგირებას. კერძოდ გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია; აშშ; გერმანია; დიდი ბრიტანეთი; სლოვაკეთი“, -აცხადებს კონსტანტინიდი.