„მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი „FITCH“-მა 0,3%-ით შეამცირა, ის მაინც აღემატება BB კატეგორიის ქვეყნების მედიანურ 3.3%-იან მაჩვენებელს და იმ გამოწვევების ფონზე, რომლების წინაშეც ქვეყნის ეკონომიკა დღეს დგას აღნიშნული მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს“, - ასე ეხმაურება ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე სარეიტინგო კომპანია „ფიტჩის“ (Fitch) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივის სტაბილურ მაჩვენებელზე დატოვებას.
ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, რომ „FITCH“-ის რეიტინგის ძირითად კრიტერიუმებში საქართველოს BB კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებლებზე უკეთესი შედეგი აქვს.
„საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, რაც ზრდის ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისადმი ნდობას. 2019-2021 წლებში წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საშუალოდ მშპ-ს 5.9% იქნება, ხოლო კაპიტალური ხარჯების ზრდა ხელს შეუწყობს 2020-2021 წლებში ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებას. ჯამში, „FITCH“-ის რეიტინგის ძირითად კრიტერიუმებში საქართველოს BB კატეგორიის ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებზე უკეთესი შედეგი აქვს“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
პოზიტიურ შეფასებებთან ერთად, ბიზნესომბუდსმენი დღეს ბიზნეს გარემოს მიმართულებით არსებულ იმ გამოწვევებზეც ამახვილებს ყურადღებას, რომლებზეც საუბარია „ფიტჩის“ (Fitch) რეიტინგში. ირაკლი ლექვინაძის შეფასებით მთავრობის მხრიდან მნიშვნელოვანია ბიზნესის მოლოდინების მართვა.
„მნიშვნელოვანი და აუცილებელია აქტიური კომუნიკაცია ბიზნესთან საგარეო რისკებზე, რეგულაციებზე, რეფორმებსა და ლარის კურსზე, რათა ბიზნესის მოლოდინები გაუმჯობესდეს“, - ამბობს ლექვინაძე.
შეგახსენებთ, რომ სარეიტინგო კომპანია „ფიტჩმა“ (Fitch) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დატოვა