საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, ისეთი სარეიტინგო სააგენტოს მხრიდან, როგორიც „Fitch“-ია, სტაბილური რეიტინგის შენარჩუნება და ზოგადად დადებითი შეფასება, ძალიან მნიშვნელოვანია.
მეზურნიშვილის განმარტებით, ინვესტორები სწორედ აღნიშნულ ფაქტორებს ადევნებენ თვალყურს და შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას, დააბანდონ თუ არა თანხები ამა თუ იმ განვითარებად ქვეყანაში:
„ჯერ კიდევ 2019 წლის დასაწყისში ის ფაქტი, რომ „Fitch“-მა მრავალი წლის შემდეგ, პირველად შეცვალა ჩვენი რეიტინგი, ერთი ნაბიჯით დაგვაწინაურა, „BB“ მოგვანიჭა სტაბილურობის პროგნოზით, არის დადებითი შეფასება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, იმ რეფორმების, რაც ტარდება საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა ეკონომიკისთვისაც, რომ იმ არასტაბილური სიტუაციის მიუხედავად, რაც ჩამოყალიბდა, ყოველ შემთხვევაში მცდელობა იყო 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, მაინც ვინარჩუნებთ სტაბილურ რეიტინგს.
პოზიტიური შეფასებაა, კარგია, თუმცა უმნიშვნელოვანესია, შევინარჩუნოთ სტაბილურობა, სიმშვიდე, რადგან სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით იღებს ინვესტორი გადაწყვეტილებას, დააბანდოს თუ არა თანხები ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ მმართველ გუნდზე, არამედ ოპოზიციაზე და საზოგადოების ნებისმიერ წევრზე გადადის ვალდებულება, შევინარჩუნოთ სტაბილურობა და სიმშვიდე ქვეყანაში“, - აღნიშნავს ირაკლი მეზურნიშვილი.
მისივე შეფასებით, მთავრობას და პარლამენტს გააჩნია მეტი პოტენციალი, კიდევ უფრო დაჩქარდეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პროცესი:
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ისტორიულ მინიმუმზეა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და 7.7%-ს შეადგენს, მაგრამ, ამავდროულად, ბევრი გვაქვს სამუშაო, რათა კიდევ უფრო შევამციროთ ეს დეფიციტი, რომელიც განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, მაღალი მაჩვენებელია. ამიტომ, ჩვენი ვალდებულებაა, ყველაფერი გავაკეთოთ ექსპორტის გასაზრდელად. ეს კი მომავალში ეროვნული ვალუტის - ლარის სტაბილურობაზეც აისახება“, - განუცხადა „პირველს“ ირაკლი მეზურნიშვილმა.
სარეიტინგო კომპანია „Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დატოვა.