„Fitch“-ის რეიტინგი არის მკაფიო პოზიტიური გზავნილი ინვესტორებისთვის, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა საქართველო სტაბილურად აგრძელებს ეკონომიკურ რეფორმებს, რაც აისახება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე“, - ასე ეხმაურება თსუ ანალიზისა და პროგნოზების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე სარეიტინგო კომპანია „ფიტჩის“ (Fitch) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივის სტაბილურ მაჩვენებელზე დატოვებას.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგის ძლიერ მხარეებს წარმოადგენს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება 2018 წელს 7.7%-მდე, სადაც ნათქვამია რომ მომდევნო 2 წელიწადში ანგარიში შემცირდება 5.3%-მდე, რაზეც დიდ გავლენას იქონიებს საპენსიო სისტემა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოსალოდნელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა და მთავრობის ვალის მართვის სტრატეგია იძლევა საფუძველს, რომ საგარეო ვალის შემცირება მოხდეს საშუალო ვადიან პერიოდში.
„როგორც კვლევიდან ვიგებთ, რეიტინგის შენარჩუნებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია პოლიტიკური მმართველობის ხარისხმა, შოკებისადმი მდგრადობის შენარჩუნებამ და მიმზიდველმა საინვესტიციო გარემომ. აღნიშნული გადაწყვეტილება არის საქართველოს მკაფიო მხარდაჭერა, რომელიც საკმაოდ პოზიტიურ გავლენას მოახდენს 2019-2020 წლების ეკონომიკურ ზრდაზე“, - განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ.