საოკუპაციო ძალების მიერ ახალუბნის მცხოვრებლების გატაცების გამო, ადგილზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე და შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახაბერ ქემოკლიძე ჩავიდნენ. ამ დროისთვის ისინი სოფელ მეჯვრისხევში იმყოფებიან.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მეჯვრისხევის პოლიციის შენობაში მიმდინარეობს გასაუბრება სოფელ ახალუბნის მცხოვრებლებთან, გატაცებულების ახლობლებთან და ნათესავებთან.
პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ, ირაკლი ანთაძე და კახაბერ ქემოკლიძე სავარაუდოდ ჟურნალისტებთან კომენტარებს გააკეთებენ.
საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასული, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.