პროფესიული განათლების პროფკავშირის თავმჯდომარე დენის დავითაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს.
მიმართვის ტექსტს „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს პრემიერ -მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს
ღია წერილი
ბატონო გიორგი,
პროფესიული განათლების პროფესიული კავშირი და განათლებასა და მეცნიერებაში არსებული ნაკლოვანებების შემსწავლელი წარმომადგენლობითი საზოგადოებრივი საბჭო კმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ თქვენ გუშინ მიიღეთ საკადრო გადაწყვეტილება და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ნაცვლად ქალბატონ თამარ სანიკიძისა, საზოგადოებას წარუდგინეთ ბატონ ალექსანდრე (სანდრო) ჯეჯელავას კანდიდატურა.
თქვენს მიმართ წარმოდგენილი რეკომენდაციების საბოლოო ასახვა თქვენ სწორედ გუშინდელ საკადრო გადაწყვეტილებაში გამოხატეთ.
მას შემდეგ, რაც უახლოეს დღეებში ჩვენ შევხვდებით ბატონ ა. ჯეჯელავას და მოვისმენთ მის ხედვებს, როგორ უნდა განახორციელოს მისი ხელმძღვანელობით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ფუნდამენტური რეფორმები განათლებასა და მეცნიერებაში და, რასაკვირველია, პირველ რიგში, პროფესიულ განათლებაში, ჩვენ წარმოგიდგენთ თქვენ და მთავრობას ჩვენს საბოლოო რეკომენდაციებს, როგორ და რა პერიოდში შესაძლებელია რეფორმების ჩატარება მთლიანად განათლების სფეროში.
ახალი მინისტრის მიერ პირველი კომენტარების მიხედვით, ის არ აპირებს საკადრო ცვლილებების განხორციელებას სამინისტროში. ეს კი ჩვენ გვაძლევს უფლებას, მოგმართოთ თქვენ და განუმარტოთ ბატონ ა. ჯეჯელავას ის, რომ სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილება დაკავშირებულია იმასთან, რომ წლების განმავლობაში მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა ვერ განახორციელეს გასატარებელი რეფორმების ვერც კონცეფციის შემუშავება და ვერც ცალკეული დარგების მიხედვით კანონმდებლობის შემუშავება და საქართველოს პარლამენტში მათი განხილვა-მიღება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ ახალმა მინისტრმა თავად უნდა ჩამოაყალიბოს თავისი გუნდი, პირველ რიგში მხედველობაში მყავს მინისტრის მოადგილეები, რომლებიც მისი უშუალო ხელმძღვანელობით შეიმუშავებენ ჯერ განათლების ერთიანი რეფორმის კონცეფციას, წარუდგენენ მას მთავრობას და თქვენს მიერ მისი დამტკიცების შემდეგ განათლების სამინისტროს განახლებული შემადგენლობა შეიმუშავებს ცალკეული დარგების (ზოგადი განათლება, უმაღლესი განათლება, პროფესიული განათლება, მეცნიერება) სათანადო დონის ფუნდამენტურ კანონპროექტებს. ჩვენი ღრმა რწმენით, მხოლოდ ასეთი მიდგომით და ახალი ხედვით განათლებისა და მეცნიერების ახლად დანიშნული მინისტრი სოციალურ პარტნიორებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეძლებს ქვეყნისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი განათლების და მეცნიერების დარგის ღრმა კრიზისიდან გამოყვანას და ქვეყანაში ახალგაზრდობის და ზრდასრული მოსახლეობისათვის ხარისხიანი და მაღალი დონის ყველანაირი განათლების, მათ შორის პროფესიული განათლების უზრუნველყოფას, რაც ქვეყანაში აღმოფხვრის უმუშევრობის საკმაოდ მაღალ მაჩვენებლებს და დამსაქმებლებთან ერთად უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა დასაქმებას ქვეყნისათვის პრიორიტეტულ დარგებში.
იმედს გამოვთქვამ, რომ ახალდანიშნული მინისტრი არ გაიმეორებს ძველი მინისტრის შეცდომებს და სამინისტროში დამკვიდრებულ პრაქტიკას და მისი მუშაობა იქნება ბევრად გამჭვირვალე და განათლების დარგებში არსებულ ექსპერტთა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად შეიმუშავებს განათლების დარგების განვითარების ერთიან ფუნდამენტურ კონცეფციას და შესაბამის კანონმდებლობას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკადრო ცვლილებების შემდეგი ნაბიჯების შედეგიანობას უაღრესად დიდი იმედით ელოდება განათლების დარგის ყველა სასწავლო დაწესებულება და ჩვენ იმედს გავმოთქვამთ, რომ მხოლოდ ყოველდღიური, დაძაბული, ერთობლივი მუშაობის შედეგად ჩვენ საპარლამენტო არჩევნების წელს მივაღწევთ დიდი ხნის მოლოდინს და სასურველ შედეგებს.
უახლოეს კვირაში ვაპირებთ საბჭოს გაფართოებული სხდომის მოწვევას, სადაც შესაძლებლობა გვექნება ახალდანიშნულ მინისტრს გავაცნოთ ჩვენი საექსპერტო მოსაზრებები განათლების და მეცნიერების დარგების შემდგომი განვითარების ხელშესაწყობად", - ნათქვამია დენის დავითაშვილის მიმართვაში.