სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის ზაალ კაპანაძის ინფორმაციით, ამბროლაურში მომხდარი ფაქტის თაობაზე რამდენიმე ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთა, რაც 16 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებას უკავშირდება.
ამასთან, კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ მათ ლიცენზია შეუჩერდეთ, ზაალ კაპანაძემ აღნიშნა, რომ პროფესიული განვითარების საბჭო კოლეგიალური ორგანოა, რომელიც შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
„ჩვენი სააგენტოს მხრიდან შემოწმება განხორციელდა. იქ რამდენიმე ეტაპია გავლილი. პირველ ეტაპზე ბავშვი კლინიკაში მოათავსეს, შემდეგ რეანიმობილით გადაიყვანეს და ბოლოს ქუთაისის ინტენსიურში იყო. ჩვენი მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე დაწესებულების, რამდენიმე ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი, რაც პროფესიული განვითარების საბჭოზე გავა. შესაბამისად, ეს საბჭო იმსჯელებს, თუ რა პასუხისმგებლობა დაეკისრებათ“, - განაცხადა ზაალ კაპანაძემ.
ამასთან, მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ რაჭაში რეანიმობილი აღარ იქნება.
16 წლის მოზარდის ოჯახის ინფორმაციით, ის შეუძლოდ მწვავე ვირუსით, ზღვიდან დაბრუნების შემდეგ გახდა, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი ამბროლაურის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც თბილისში გადასაყვანად რეანიმობილი გამოიძახეს. მოზარდის მამიდის, ფატი გოგოლაშვილის ინფორმაციით, გზაში რეანიმობილის აპარატურა დაზიანდა, რამაც მდგომარეობის გართულება გამოიწვია. პაციენტი ტყიბულში კლინიკაში მიიყვანეს. მისივე თქმით, საჭირო გახდა მეორე რეანიმობილის გამოძახება, რომელმაც სამი საათი დააგვიანა.