ჭიათურაში, ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარე კედელი, რომელიც აკაკი წერეთლის სახელობის თეატრთან მდებარეობს, გრაფიტებით მოიხატება. ნახატები თეატრთან და მაღაროელებთან ასოცირებულ თემატიკაზე შეიქმნება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ჭიათურაში გრაფიტის ფესტივალი გაიმართება, რომელიც 21 აგვისტოს გაიხსნება და 29 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. ფესტივალის გახსნის დღეს, ჭიათურაში, ჭავჭავაძის კედლის მიმდებარე სკვერში, 3 მხატვრის მიერ წარმოდგენილი 9 ესკიზი გამოიფინება, საბოლოოდ კი, არჩევანი სამ ნიმუშზე შეჩერდება. საუკეთესო ესკიზებს ჭიათურის მოსახლეობა თავად შეარჩევს, მათ შესაძლებლობა ექნებათ, მერიის ფოიეში 3 დღის განმავლობაში (21-23 აგვისტო) გამოფენილი ნამუშევრები დაათვალიერონ, შეარჩიონ ფავორიტი ესკიზები, შემდეგ კი საკუთარი პოზიცია სპეციალურად პროექტისთვის „facebook“-ში შექმნილი ღონისძიების პოსტზე გამოხატონ.
აღსანიშნავია, რომ გრაფიტის ფესტივალის პროექტის ინიციატორი და სპონსორია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია, მხარდამჭერი და თანადამფინანსებელი კი - კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“.
ცნობისათვის, მოსახლეობის მიერ შერჩეულ ესკიზებს 3 მხატვარი ჭავჭავაძის ქუჩაზე შერჩეულ ლოკაციაზე 5 დღის (24-29 აგვისტო) განმავლობაში დახატავს. ფესტივალის ჟიური - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ და ჭიათურის საზოგადოებრივი საბჭოს წევრები საუკეთესო ნამუშევრების შემსრულებლებს 29 აგვისტოს - დასკვნით საზეიმო ღონისძიებაზე გამოავლენენ. გამარჯვებულებს ფულადი პრიზები გადაეცემათ.
ჭიათურისთვის გრაფიტული მხატვრობა სიახლეს წარმოადგენს. გრაფიტების მოხატვის შედეგად, ქალაქის ინფრასტრუქტურა და იერსახე გაუმჯობესდება.