logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: მათ შექმნეს უსასტიკესი, დაუნდობელი სისტემა, რამაც ძალიან ბევრი ადამიანი იმსხვერპლა
- +

4 ივნისი. 2016. 19:32



ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ გადაცემა „20/30"-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ შედეგები არის უმძიმესი. ეს არის ერთ-ერთი უმძიმესი დასკვნა 2004-2012 წლებში მომხდარი ძალადობრივ დანაშაულებზე.



გავაანალიზეთ ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც ამ ხნის განმავლობაში შეგროვდა და დავასკვენით, რომ ძალადობას მასობრივი და სისტემური ხასიათი ჰქონდა. საპატიმრო  ან პოლიციის დაწესებულებაში მიყვანილი ადამიანების 80%-ზე მეტი წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარა. ამ პროცესში ჩართული იყო ყველა უწყება -პროკურატურა, პოლიცია, სასჯელაღსრულების სამინისტრო, სასამართლო და სახალხო დამცველის ოფისიც კი, რომლის ანგარიშებიდან, ბოლო წლებში, წამების ფაქტები საერთოდ გაქრა. სასამართლო ნაწამებ ადამიანებზე არავითარ რეაგირებას არ ახდენდა. სასჯელაღსრულებაში ადგილი ჰქონდა ადამიანების მასობრივ წამებას, მათ შორის - წამებას მოხრჩობით, დაკიდებით, ელექტროდენით, წყალში ჩაძირვით და სხვა მეთოდებით.

პარლამენტს ვთავაზობთ, მხარი დაუჭიროს ჩვენს რეკომენდაციებს, ანუ - მომავლის ხედვას. ეს საჭიროა იმისთვის, რათა მსხვერპლთათვის შეთავაზებულ იქნას სამართლებრივი გარანტიები, უფასო იურიდიული დახმარება, ფსიქორეაბილიტაცია... ადამიანის უფლებების კუთხით, მიღებული იქნება ახალი სტანდარტი, რაც გამორიცხავს იმას, რომ სახელმწიფო როდსმე აღმოჩნდეს მწამებლისა და მჩაგვრელის როლში", - განაცხადა ბესელიამ.



მისი თქმით, ანგარიშის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე ქვეყანაში უკვე გამოქვეყნდა.



ევროპული ქვეყნების მხრიდან დაინტერესება ძალიან დიდია, რომ ეს ინფორმაცია მივაწოდოთ. ჩვენ ყველას მივაწვდით ანგარიშს, რათა ყველამ ნახოს, რა სისასტიკე გამოიარეს ჩვენმა მოქალაქეებმა იმ მოძალადე პოლიტიკური ძალის მხრიდან, რომელიც ამბობდა, რომ პროდასავლური იყო. სინამდვილეში, ამ ადამიანებს დასავლურ ღირებულებებთან არაფერი აკავშირებდათ, მათ შექმნეს უსასტიკესი, დაუნდობელი სისტემა, რამაც ძალიან ბევრი ადამიანი იმსხვერპლა და დაასახიჩრა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner