შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქონლის ქურდობის ფაქტებზე 3
პირი - 1984 წელს დაბადებული ვ.მ., 1998 წელს დაბადებული გ.მ. და 1995 წელს
დაბადებული ნ.კ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.მ.-მ კუმისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი
მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარა. სამართალდამცველებმა ნაქურდალ საქონელს
მალევე მიაგნეს და მეპატრონეს დაუბრუნეს.
რაც შეეხება გ.მ.-ს და ნ.კ.-ს, პოლიციამ ისინი იმ დროს შეაჩერა, როდესაც
მოპარული საქონელი მიკროავტობუსით წალკა-თეთრიწყაროს საავტომობილო გზაზე
გადაჰყავდათ.
გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 და მე-3
ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.