„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები ბულინგის მსხვერპლი არიან, ყოფილი ხელმძღვანელი მათ ძალიან უხეშად აბულინგებს“,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა „რუსთავი 2“-დან ჟურნალისტების წასვლაზე საუბრისას.
მისი თქმით, „თუ გენერალური დირექტორი შეიცვალა, ეს არ ნიშნავს, რომ ტელევიზიამ დამოუკიდებლობა დაკარგა“.
„ამ კომპანიის მთავარი ძალა და სიტყვის თავისუფლება გამომდინარეობდა ჟურნალისტებიდან, რომლებიც იქ საქმიანობდნენ. მთავარი გარანტი სიტყვის და სარედაქციო დამოუკიდებლობის ამ არხზე, ბუნებრივია, იქნება არა დირექცია, არამედ თვითონ ჟურნალისტები, რომლებმაც შექმნეს ეს არხი. იმედი მაქვს, თავად ეს ჟურნალისტები უზრუნველყოფენ დამოუკიდებლობას, მოუკერძოებლობას და სამართლიან სიტყვას ამ კომპანიაში. ეს ჟურნალისტები, ცოტა არ იყოს, ბულინგის მსხვერპლი არიან იმიტომ, რომ ყოფილი ხელმძღვანელი მათ ძალიან უხეშად აბულინგებს, აშანტაჟებს და რატომღაც ჰგონია, რომ, თუ ისინი დარჩებიან იმ კომპანიაში, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში ემსახურებოდნენ, აუცილებლად იქნებიან გამყიდველები. ნებისმიერი ტელევიზიის დამოუკიდებლობა დამოკიდებულია არა ადმინისტრაციაზე, არამედ მის ჟურნალისტებზე“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.