კომპანია „იუკოსის" ყოფილმა ხელმძღვანელმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ ტელეკომპანია „ევრონიუსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთში დაბრუნებას გეგმავს.
„მე უდავოდ დავბრუნდები რუსეთში, თუმცა ახლა ნაკლებად მადარდებს საკითხი, რომელი თანამდებობა დავიკავო, თუ საერთოდ არ დავიკავო თანამდებობა. მნიშვნელოვანია, რომ იყოს პოლიტიკური გუნდი, რომელიც რეჟიმის შეცვლის შემდეგ აუცილებელი რეფორმების მხარდაჭერას შეძლებს.
ჩვენი ამოცანა დღეს იმაში მდგომარეობს, რომ ჩამოვაყალიბოთ გუნდი, რომელიც შეძლებს გარდამავალ პერიოდში აუცილებელი რეფორმების ჩატარებას პირველი სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად", - განაცხადა მიხაილ ხოდორკოვსკიმ.
მიხაილ ხოდორკოვსკი გადასახადების გადაუხდელობისა და სახელმწიფო ქონების მიტაცების ბრალდებით 2003 წელს დააკავეს. 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ 2013 წლის დეკემბერში ვლადიმირ პუტინმა შეიწყალა. გათავისუფლებისთანავე მან რუსეთი დატოვა. 2015 წლის დეკემბერში მიხაილ ხოდორკოვსკის რუსეთში ქალაქ ნეფტეიუგანსკის მერის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს.