გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამასთან დაკავშირებით პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა.
საგამოძიებო უწყების განმარტებით საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დახმარებას.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.
გამოძიების მსვლელობისას, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, 2019 წლის 24 ივლისს ბრალი წარედგინათ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, ჯგუფურად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება ჯგუფის სხვა წევრის მიმართ.
კერძოდ, გამოტანილია დადგენილება ავთანდილ წერეთლის ბრალდების შესახებ, მის მიერ, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით).
ავთანდილ წერეთელი დღეს დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით, რის შემდეგაც საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.
ასევე, გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებულები არიან ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე მათთვის წარდგენილი ბრალდების დაზუსტების მიზნით“, - განაცხადეს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.