„წარმატებებს ვუსურვებ ყველა იმ ჟურნალისტს, ვინც თავის საქმეს ემსახურება, მაგრამ ვერანაირად ვერ შევაქებ ზონდერ-ჟურნალისტიკას, რომლის სტანდარტი „რუსთავი 2“- მა დანერგა“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი ტელეკომპანია „რუსთავი 2“- დან ჟურნალისტების წასვლას.
ამასთან, ვოლსკი მიიჩნევს, რომ რაც მეტი ტელევიზია და მეტი კრიტიკული აზრი იქნება, ქვეყნისთვის უკეთესია.
„მე ვერ გეტყვით, რა ბედი ელის „რუსთავი 2“-ს. ამბობენ, რომ შეიქმნება ახალი ტელევიზია, სადაც ეს ძალები იქნება მობილიზებული. წარმატებებს ვუსურვებ ყველა იმ ჟურნალისტს, ვინც თავის საქმეს ემსახურება, მაგრამ ვერანაირად ვერ შევაქებ ზონდერ-ჟურნალისტიკას, რომლის სტანდარტი „რუსთავი 2“-მა დანერგა. იმედია, ამ საკითხსაც გადახედავენ, თუკი მომავალში საქმიანობას აპირებენ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.
ტელევიზია არ უნდა დაიხუროს, ასე მგონია, რაც მეტი ტელევიზია და მეტი კრიტიკული აზრი იქნება, უკეთესია ჩვენი ქვეყნისთვის დ საზოგადოებისთვის“, - განაცხადა ვოლსკიმ.
კითხვაზე, ხომ არ გაიზიარებს „რუსთავი 2“-ის ბედს „ტვ პირველი“, ვოლსკიმ განაცხადა, რომ ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირება ადეკვატური არ არის.
„ტვ პირველს“ აქვს რესურსიც და ფინანსები, რომ საქმიანობა გააგრძელოს. რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის ბედს, სტრასბურგის სასამართლომ მკაფიო პასუხები გასცა ამ თემას. ასე რომ, ამის ერთმანეთთან დაკავშირება მგონია, რომ ადეკვატური არ არის“,- განაცხადა ვოლსკიმ.